სამწუხაროა, რომ ჩვენ იმ ოთხი ქვეყნის რიგებში აღარ ვართ, რომელთათვისაც მზადდება გზამკვლევი. დღეს ევროკავშირთან ყველაფერი გაჩერებული და გაყინულია. ის ფაქტი, რომ აქაური ელჩები სადღაც წინანდალში რთველზე მიდიან, ამ მოცემულობას არანაირად არ ცვლის , - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ფეისბუქ-ლაივში“ ევროკომისიის მიერ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტების მიღებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს არ დაუკარგავს შანსი, ხელახლა დაადგეს ევროკავშირის გზას, რადგან ევროკავშირის გაფართოების საკითხი ისევ აქტუალურია და ევროკავშირის პოლიტიკა საქართველოს მიმართ არ შეცვლილა.
მეხუთე პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანას არც კანდიდატის სტატუსი არ შეუჩერდება.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილა კიდევ არის და ეს ერთადერთი არ იქნება. ჩვენ მოვისმინეთ, რომ მარტა კოსმა თქვა, თვის ბოლოს კიდევ ერთი განხილვა იქნება და მზადდება კომისიის ანგარიში საქართველოზე. ასევე, წლის ბოლოსთვის სახელმწიფო ლიდერების შეხვედრაზე იქნება განხილული საქართველოს საკითხი.
ასე რომ, ის აზრი, რომ ჩვენ ვავიწყდებით ვინმეს ან არ არის საკმარისი ყურადღება საქართველოს მიმართ, არასწორია. ერთ-ერთი საკითხი, რომელიც დგას დღის წესრიგში ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან, არის ის, რომ მათ ბერკეტების მრავალფეროვნება არ გააჩნიათ ამ სიტუაციაში სწორედ იმიტომ, რომ ისინი არ იყენებენ იმ ბერკეტებს, რასაც რუსეთი იყენებს. მათი ბერკეტები არის ან სანქციები, ან ეკონომიკური დახმარების შეჩერება, პროგრამების შეწყვეტა.
ვხედავთ, რომ ევროპელებს აქვთ თავიანთი ხედვა არა მხოლოდ საქართველოს მიმართ, ასევე, ხვალინდელი დღის მიმართ. ახლა მიდის მსჯელობა, როგორი უნდა იყოს შემდეგი გაფართოება. სამწუხაროა, რომ ჩვენ იმ ოთხი ქვეყნის რიგებში აღარ ვართ, რომელთათვისაც მზადდება გზამკვლევი, მაგრამ ამავე დროს ძალიან საინტერესოა, რომ ეს გაფართოების თემა ძალიან აქტუალურია, ძალიან ახლოს არის და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ თუ შევძლებთ, რომ ჩვენი ქვეყანა ხელახლა დავაყენოთ ამ გზაზე, რომელიც არის სწორი გზა, ჩვენი ადგილი ასევე იქნება იქ გათვალისწინებული.
დღეს კი ეს ასე არ არის, დღეს შეჩერებულია ყველაფერი და მე არ მჯერა იმის, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსს წაგვართმევენ. ყველაფერი გაჩერებული და გაყინულია. ის ფაქტი, რომ აქაური ელჩები სადღაც წინანდალში რთველზე მიდიან, ამ მოცემულობას არანაირად არ ცვლის.
ეს გაყინული მდგომარეობა არის ერთის მხრივ, ძალიან სამწუხარო ჩვენთვის, რომელიც ასახავს იმ მდგომარეობას, რაშიც ჩაგვაყენა ხელისუფლებამ და მეორე მხრივ, იმასაც ასახავს, რომ ევროკავშირის პოლიტიკა ჩვენს მიმართ არ შეცვლილა. არ ეგუება არც ამ რიტორიკას, არც ამ ახალ მიმართულებას, არც საქართველოს რუსეთისკენ მიბრუნებას. დაელოდება, როდის დაუბრუნდება საქართველო თავის ჭეშმარიტ გზას.
მე არაერთხელ მითქვამს, რომ წინააღმდეგი ვარ, საზოგადოებაზე გავრცელდეს სანქციები, მაგალითად უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი კავშირი ევროპასთან და ამ კავშირის შეწყვეტა მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის სასარგებლოდ იქნებოდა, ამიტომაც ამის წინააღმდეგი ვარ. რაც შეეხება ინდივიდუალურ სანქციებს, ეს მათი გადასაწყვეტია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.