არ დაიჯეროთ ის ტყუილები, რომელზეც აპელირებს „ქართული ოცნება“. ქართველ ხალხს უჭირს და ფუფუნებაში, კორუფციაში, კლეპტოკრატიაში, „ქოლ-ცენტრებით“ გამდიდრებულ ფინანსურ კაპიტალში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ახლოს მყოფი ადამიანები ცხოვრობენ, რომლებიც კვებავენ რეჟიმს, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, რითაც საქართველოში ნავთობპროდუქტებზე ფასის ზრდას გამოეხმაურა.
დეკანოიძის განმარტებით, საწვავის ფასი მოქმედებს ყველაფერზე და თუ ის მაღალია, მაშინ ყველაფრის ფასი არის მაღალი.
„არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ აწუხებს გაჭირვება, სიღარიბე და მაღალი ფასები. ამ სიტუაციაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ხელფასს იმატებენ 1350 ლარით, ხოლო მასწავლებელს უმატებენ 2 ლარით, „ქართული ოცნების“ პარლამენტის დეპუტატის ხელფასი არის 13 000- ლარიდან, 18 000 ლარამდე, ხოლო მასწავლებლის ხელფასი არის 38 ლარით მეტი და ძალიან მინიმალური.
დედაჩემი არის პენსიონერი, რომელიც წამლებში ხარჯავს 250 ლარს, მას პენსია ემატება 20 ლარით, ხოლო „ქართული ოცნების" დეპუტატის ხელფასი იზრდება 1350 ლარით.
ამ შემთხვევაში, საწვავის ფასი არის მონოპოლიური, გარიგებებზე დაფუძნებული, „ქართულ ოცნებას“ კი არ აინტერესებს, როგორია ადამიანის მდგომარეობა, რა ხდება მის მაცივარში, არ აინტერესებთ, რით იკვებება ბავშვი, რით იკვებება მოხუცი, რას ყიდულობს ის აფთიაქში. ეს არის ის სავალალო მდგომარეობა, რაც გვაქვს დღეს. შესაბამისად, არ დაიჯეროთ ის ტყუილები, რომელზეც აპელირებს „ქართული ოცნება“! ქართველ ხალხს დღეს უჭირს და ფუფუნებაში, კორუფციაში, კლეპტოკრატიაში, „ქოლ-ცენტრებით“ გამდიდრებულ ფინანსურ კაპიტალში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს ახლოს მყოფი ადამიანები ცხოვრობენ, რომლებიც კვებავენ რეჟიმს“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.
პოლიტიკოსის თქმით, არ ეგულება საქართველოში ადამიანი, რომელსაც ის პირობები ჰქონდეს, რის შესახებაც „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილის მსახურები ტელევიზიით საუბრობენ“.
„სინამდვილეში არის მაღალი ფასები, ძალიან მძიმე მდგომარეობა. იმპორტი გაძვირებულია, ექსპორტი შემცირებულია, ადამიანის მაცივარი არის ცარიელი“, - აღნიშნა დეკანოიძემ.