ABBA ბრჭყვიალა მუსიკის მიღმა - Palitra News

ABBA ბრჭყვიალა მუსიკის მიღმა

2026-10-08 12:23:54+04:00

ABBA ბრჭყვიალა მუსიკის მიღმა1974 წლის 6 აპრილს, ინგლისის ზღვისპირა ქალაქ ბრაიტონში, ევროვიზიის სიმღერის კონკურსის სცენაზე ოთხი შვედი ახალგაზრდა გამოვიდა.

მათ ეცვათ მყვირალა, ფერადი ბრჭყვიალა კოსტიუმები, პლატფორმის ძირიანი ფეხსაცმელები, ხელში კი ისეთი უცნაური გიტარები ეჭირათ, რომლებიც ჩვეულებრივ მუსიკალურ ინსტრუმენტებს საერთოდ არ ჰგავდა.

როდესაც მათ სიმღერა „ვატერლოუ“ დაიწყეს, სცენაზე თითქოს ყველაფერი ერთდროულად აფეთქდა - ფერები, მოძრაობა, მელოდია და ოთხი სრულიად განსხვავებული ხმა.

იმ ღამეს შვედეთმა ევროვიზია პირველად მოიგო - 24 ქულით, მეორე ადგილზე გასულ იტალიას კი 18 ქულა ჰქონდა.

მაგრამ მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ეს უბრალოდ კონკურსის გამარჯვება არ იყო. ეს იყო ჯგუფის ისტორიის დასაწყისი, რომელიც რამდენიმე წელიწადში მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მუსიკალურ ფენომენად გადაიქცეოდა.

მუსიკალური ჯგუფის სახელი - ABBA - მისი ოთხივე წევრის სახელის პირველი ასოებისგან შეიქმნა: აგნეტა ფელტსკოგი - ვოკალი, ბიორნ ულვეუსი-გიტარა და ვოკალი, ბენი ანდერსონი -კლავიშებიანი ინსტრუმენტები და ვოკალი და ანი-ფრიდ, იგივე ფრიდა ლინგსტადი - ვოკალი .

ჯგუფის წევრები უბრალოდ მუსიკალური პარტნიორები არ იყვნენ. ისინი იყვნენ ორი შეყვარებული წყვილი, ორი ოჯახი, რომელთაც სჯეროდათ, რომ სიყვარულსა და მუსიკას სამყაროს შეცვლა შეეძლო.

სწორედ ამ ოთხი ადამიანის პირადი ურთიერთობები გახდა მოგვიანებით ABBA-ს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ნაწილი.

მაგრამ სანამ მათი პირადი ცხოვრება დაინგრეოდა, მათ ჯერ მსოფლიო უნდა დაეპყროთ.

შვედეთი, რომელსაც ABBA არ მოსწონდადღეს ეს რთული წარმოსადგენია, მაგრამ სანამ ABBA მსოფლიოს დაიპყრობდა, შვედეთში მათ სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდათ. ადგილობრივი მუსიკალური კრიტიკოსები მათ „კომერციულ ნაგავს“ უწოდებდნენ და აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ მათი ტექსტები პოლიტიკურ თემებს არ ეხებოდა. მაგრამ ოთხეულმა იცოდა: მათ ჰქონდათ რაღაც, რაც ნებისმიერ პოლიტიკაზე ძლიერი იყო - აბსოლუტური მუსიკალური ჰარმონია.

1970-იანი წლების შვედეთში მყარი იყო პოლიტიკურად და სოციალურად აქტიური, ანტიკომერციული მუსიკალური მოძრაობა. ამ გარემოში მუსიკისგან ხშირად ელოდნენ არა მხოლოდ გართობას, არამედ სოციალურ და პოლიტიკურ გზავნილს.

ABBA კი სრულიად სხვა რამეს აკეთებდა.

მათ სურდათ იდეალური პოპსიმღერის შექმნა.

ლამაზი მელოდია. იდეალური ჰარმონია. ბრწყინვალე არანჟირება. და, რაც მთავარია - მსმენელს სიამოვნება უნდა მიეღო.

სწორედ ამიტომ ჯგუფს შვედეთის კულტურულ წრეებში ხშირად მოიხსენიებდნენ როგორც ზედმეტად კომერციულს და ზედაპირულს.

ირონია ის იყო, რომ უცხოეთში ყველაფერი საპირისპიროდ ხდებოდა.

„ვატერლოუ“ ევროპის ათ ქვეყანაში პირველ ადგილზე გავიდა და ამერიკის ბილბორდის ჩარტშიც კი მეექვსე პოზიციამდე მიაღწია.

მშობლიურ შვედეთში კი ჯგუფი ჯერ კიდევ სერიოზულ წინააღმდეგობას აწყდებოდა.

1975 წელს, როდესაც ევროვიზია შვედეთში ჩატარდა, კონკურსის კომერციულობის წინააღმდეგ ალტერნატიული მუსიკალური ფესტივალიც კი მოეწყო.

ABBA-ს გამარჯვებამ, ფაქტობრივად, შვედეთის მუსიკალურ სამყაროში კულტურული დაპირისპირება გააჩინა.

ორი ადამიანი, რომლებიც ჰიტებს ქმნიდნენABBA-ს წარმატების ცენტრში ორი ადამიანი იდგა - ბენი ანდერსონი და ბიორნ ულვეუსი.

მათ სიმღერების შექმნა თითქმის სამუშაო რეჟიმად აქციეს.

მათ გვერდით იდგა სტიგ ანდერსონი - ჯგუფის მენეჯერი, პროდიუსერი და ლეიბლ „პოლარ მიუზიქის“ ხელმძღვანელი.

სტიგ ანდერსონს ერთი მთავარი მიზანი ჰქონდა:

ABBA-ს უნდა შეექმნა ახალი ჰიტები .

ბიორნი და ბენი ხშირად მუშაობდნენ სტოკჰოლმის არქიპელაგის კუნძულ ვიგსოზე, სადაც მათ ჰქონდათ პატარა, დაახლოებით 15 კვადრატულ მეტრიანი ხის ქოხი.

სწორედ იქ, ძველ პიანინოსა და გიტარასთან ერთად დაიბადა აბბას მრავალი უპოპულარულესი სიმღერა.

მათ შორის „დენსინგ ქუინი“ და „ფერნანდო“.

გარემო თითქმის აბსურდულად უბრალო იყო იმ მასშტაბის მუსიკისთვის, რომელსაც ისინი ქმნიდნენ.

ზღვა.

ტყე.

პატარა ხის სახლი.

და ორი ადამიანი, რომლებიც ცდილობდნენ ეპოვათ შემდეგი მელოდია.

რატომ ჟღერს ABBA ასე?ABBA-ს მუსიკაში იყო რაღაც, რაც ერთი შეხედვით მარტივი ჩანდა, მაგრამ სინამდვილეში ძალიან რთულად იქმნებოდა.

ბიორნი და ბენი ქმნიდნენ მელოდიებსა და ჰარმონიებს, ხოლო აგნეტასა და ანი-ფრიდის ხმები ამ კომპოზიციებს განსაკუთრებულ მოცულობას მატებდა.

მათი ხმის ინჟინერი მაიკლ ბ. ტრეტოუ ABBA-ს ჟღერადობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არქიტექტორი გახდა.

ის სტუდიაში საათობით ატარებდა ექსპერიმენტებს - მრავალჯერადი ჩაწერით, ხმის ფენების დამატებით და ტექნიკური ხრიკებით ქმნიდა იმ ფართო, თითქმის „კედელივით“ ჟღერადობას, რომელიც ABBA-ს მუსიკი დამახასიათებელ ნიშნად იქცა.

ტრეტოუს ზოგჯერ ჯგუფის „მეხუთე წევრსაც“ უწოდებდნენ.

და ეს მხოლოდ მეტაფორა არ იყო.

ABBA-ს სტუდიური ჟღერადობის ფორმირებაში მისი წვლილი უზარმაზარი იყო.

„უცნაური ტანსაცმლის“ საიდუმლოABBA-ს კოსტიუმები დღეს ისეთივე ცნობილია, როგორც მათი სიმღერები.

პლატფორმები.

ბუმბულებიანი სამოსი .

ბრჭყვიალა ქსოვილები.

გიგანტური ფორმები და ისეთი სამოსი, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ალბათ ვერავინ ჩაიცვამდა.

არსებობდა შვედური საგადასახადო წესი, რომლის მიხედვითაც სცენური ტანსაცმლის ხარჯის გადასახადიდან ჩამოწერა იყო შესაძლებელი . იმ შემთხვევაში თუ ტანსაცმელი იმდენად არაპრაქტიკული იყო, რომ მისი ჩვეულებრივად ჩაცმა შეუძლებელი იქნებოდა.

ეს ისტორია ABBA-ს კოსტიუმებსაც დაუკავშირეს, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი დაზუსტებაა:

ABBA-ს დიზაინერმა ოვე სანდსტრომმა თქვა, რომ ეს კანონი ნამდვილად არსებობდა, თუმცა ABBA-ს კოსტიუმების შექმნისას მათი აბსურდულობის მიზეზი საგადასახადო შეღავათი არ ყოფილა.

მისი თქმით, თავად კოსტიუმების იდეა ბევრად უფრო ვიზუალურ და თეატრალურ კონცეფციას ემყარებოდა.

სხვა სიტყვებით - გადასახადების ისტორია მართალია, მაგრამ „ABBA სპეციალურად უცნაურად იცვამდა, რომ გადასახადი არ გადაეხადა“ - ზედმეტად გამარტივებული ვერსიაა.

„ABBA-მანია“1970-იანი წლების მეორე ნახევარში ჯგუფის პოპულარობამ უკვე გლობალურ მასშტაბს მიაღწია.

განსაკუთრებით ავსტრალიაში.

1976 წელს ABBA-ს შესახებ სატელევიზიო გადაცემას უფრო მეტი ავსტრალიელი უყურებდა, ვიდრე იმავე ქვეყანაში მთვარეზე დაშვების ტრანსლაციას.

ხოლო 1977 წლის ტურნეს დროს ჯგუფის გარშემო ნამდვილი მასობრივი ფანატიზმი შეიქმნა.

ადელაიდაში კონცერტს 20 000 ადამიანი დაესწრო, კიდევ დაახლოებით 10 000 კი სტადიონის გარეთ დარჩა და კონცერტს იქიდან უსმენდა.

ეს უკვე უბრალოდ პოპულარობა აღარ იყო.

ეს იყო „ABBA-მანია“.

და შემდეგ მუსიკა რეალურ ცხოვრებას დაემსგავსაABBA-ს უდიდესი ირონია ის იყო, რომ ოთხი ადამიანი, რომლებიც მსოფლიოში სიყვარულზე, ბედნიერებაზე და ურთიერთობებზე მღეროდნენ, თანდათან საკუთარ ცხოვრებაში იმავე თემების ყველაზე რთულ ვერსიებს განიცდიდნენ.

1979 წელს ბიორნისა და აგნეტას ქორწინება დასრულდა.

მაგრამ ისინი ჯგუფში დარჩნენ.

სწორედ ამის შემდეგ შეიქმნა მათი ერთ-ერთი ყველაზე ემოციური სიმღერა.

„გამარჯვებული ყველაფერს იღებს“1980 წელს ბიორნმა და ბენმა დაწერეს სიმღერა „გამარჯვებული ყველაფერს იღებს“.

სიმღერა აშკარად უკავშირდებოდა დაშორების გამოცდილებას, მაგრამ ბიორნმა მოგვიანებით განმარტა, რომ ტექსტი მთლიანად მათი რეალური ისტორია არ ყოფილა , მასში იყო ფიქცია და მხატვრული გამოგონებაც.

თუმცა ემოციური ფონი რეალური იყო.

და სიმღერა თავად აგნეტამ ჩაწერა.

ყოფილმა ცოლ-ქმარმა იმავე სტუდიაში, პროფესიონალურ რეჟიმში, შექმნა ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული დაშორების სიმღერა პოპმუსიკის ისტორიაში.

აგნეტამ მოგვიანებით თქვა, რომ სიმღერის ჩაწერა მისთვის ძალიან ძლიერი ემოციური გამოცდილება იყო და იმ დროს ორივე მათგანი ძალიან მოწყენილი იყო.

მაგრამ ბიორნის თქმით, „გამარჯვებული“ და „დამარცხებული“ რეალურ განქორწინებაში არ არსებობდა.

„გამარჯვებული ყველაფერს იღებს“ - სიმღერისთვის შექმნილი დრამაა.

და სწორედ ამიტომ მუშაობს ის ასე ძლიერად.

მეორე წყვილიც დაიშალა1981 წელს ბენისა და ანი-ფრიდის ქორწინებაც დასრულდა.

მათმა დაშორებამ ჯგუფის მუშაობა მაშინვე არ შეაჩერა - ისინი პროფესიონალურად აგრძელებდნენ მუსიკის შექმნას.

მაგრამ ახლა ჯგუფის შიგნით აღარ არსებობდა ის ორი წყვილი, რომლებსაც წლების განმავლობაში ერთმანეთთან აკავშირებდა როგორც სიყვარული, ისე მუსიკა.

ოთხი ადამიანი მაინც აგრძელებდა ერთად მუშაობას.

მაგრამ რაღაც შეიცვალა.

ანი-ფრიდის დაკარგული მამაანი-ფრიდის პირადი ისტორია ABBA-ს წევრებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული იყო.

ის 1945 წელს ნორვეგიაში, გერმანელი ჯარისკაცისა და ნორვეგიელი ქალის ოჯახში დაიბადა.

ომის შემდეგ გერმანელ ჯარისკაცებთან დაკავშირებულ ქალებსა და მათ შვილებს ნორვეგიაში მძიმე სოციალური სტიგმა ჰქონდათ.

ანი-ფრიდის დედა ახალგაზრდა გარდაიცვალა, ხოლო ბებიამ გოგონა შვედეთში წაიყვანა, სადაც ის გაიზარდა.

ანი-ფრიდს წლების განმავლობაში სჯეროდა, რომ მამა ომში დაიღუპა.

მაგრამ მოგვიანებით მისი ბიოლოგიური მამა, ალფრედ ჰააზე, იპოვეს.

ისინი ერთმანეთს შეხვდნენ.

თუმცა ეს არ ყოფილა ჰოლივუდური გაერთიანება.

ანი-ფრიდის მოგონებებით, შეხვედრა ძალიან უცნაური და რთული აღმოჩნდა - ის პრაქტიკულად უცნობ ადამიანს ხვდებოდა, რომლისთვისაც მამა უნდა დაეძახა.

„სევდიანი ცეკვა“ABBA-ს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თვისება სწორედ ეს იყო:

მათი სიმღერები ხშირად ბედნიერად ჟღერდა მაშინ, როდესაც ტექსტი საერთოდ არ იყო ბედნიერი.

„დენსინგ ქუინი“ საცეკვაო სიმღერაა.

„მამა მია“ მხიარული პოპჰიტი.

„გიმი! გიმი! გიმი!“ დისკოს აფეთქება.

მაგრამ ამ სიმღერების მიღმა ხშირად იგრძნობა მარტოობა, სურვილი, ნოსტალგია და დაკარგვის შიში.

სწორედ ამიტომ ABBA-ს მუსიკას შეიძლება ეწოდოს ერთგვარი „სევდიანი ცეკვა“.

შენ ცეკვავ.

მაგრამ ტექსტი შეიძლება გულს გტკენდეს.

და ეს კონტრასტი მათი მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღი გახდა.

1982 - დასასრული, რომელიც ოფიციალურად არც კი ყოფილა დასასრული1982 წელს ABBA ფაქტობრივად გაჩერდა.

მაგრამ ჯგუფის წევრები თავიდანვე არ გამოსულან და არ უთქვამთ:

„ABBA დაიშალა.“

მათი ბოლო წლების საჯარო პოზიცია უფრო შესვენებას ჰგავდა.

1982 წლის ბოლოს ჯგუფმა ახალი მუსიკალური ალბომის ნაცვლად „The Singles: The First Ten Years“ გამოუშვა, ხოლო მათი ბოლო სტუდიური ალბომი „The Visitors“ 1981 წელს გამოვიდა.

მათ აღარ ჩაუტარებიათ ახალი ერთობლივი ტურნე.

და ის „შესვენება“ ოთხ ათწლეულს გაგრძელდა.

ისინი გაქრნენ , მაგრამ მათი მუსიკა არაჯგუფის დაშლის შემდეგ აგნეტა გაცილებით უფრო განმარტოებული გახდა.

მისთვის განსაკუთრებით რთული იყო მოგზაურობა და თვითმფრინავით ფრენა , თავადაც საუბრობდა ამ შიშზე.

ანი-ფრიდი კი მოგვიანებით შვეიცარიაში გადავიდა საცხოვრებლად.

მის ცხოვრებაში 1990-იანი წლების ბოლოს კიდევ ორი მძიმე ტრაგედია მოხდა.

1998 წელს მისი ქალიშვილი, ენ ლიზ-ლოტე, 30 წლის ასაკში ავტოკატასტროფის შედეგად გარდაიცვალა.

ერთი წლის შემდეგ ანი-ფრიდის მეუღლე, პრინცი ჰაინრიხ რუცო, ლიმფომით გარდაიცვალა.

მაგრამ ABBA-ს ისტორია ამით არ დასრულებულა.

პირიქით.

ამ დროს მათი მუსიკა ახალ თაობას გადაეცემოდა.

მილიარდი დოლარი და უარი2000 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ABBA-ს გაერთიანებისთვის მათ დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის შეთავაზება მიიღეს.

აქაც საჭიროა ერთი მნიშვნელოვანი დაზუსტება:

ეს არ ყოფილა ხელმოწერილი, საბოლოოდ გაფორმებული კონტრაქტი.

ბიორნმა და ბენიმ მოგვიანებით თქვეს, რომ საუბარი ნამდვილად არსებობდა დაახლოებით 100 კონცერტისგან შემდგარი ტურნეს შესახებ, მაგრამ ოფიციალურ დოკუმენტად ეს შეთავაზება მათთან არ მისულა.

მიუხედავად ამისა, ჯგუფის ოთხივე წევრმა გაერთიანება არ აირჩია.

ბიორნი მოგვიანებით ამბობდა, რომ მათ სურდათ, ადამიანებს ABBA ისეთად დამახსოვრებოდათ, როგორებიც იყვნენ - ახალგაზრდები და ენერგიულები.

მათ არ სურდათ უბრალოდ ფულის გამო დაბრუნება.

***1999 წელს შეიქმნა მიუზიკლი „მამა მია!“, რომელიც მთლიანად ABBA-ს სიმღერებზე იყო აგებული.

მას მოჰყვა 2008 წლის ფილმი.

შემდეგ - 2018 წლის გაგრძელება.

და ABBA-ს მუსიკა უკვე აღარ იყო მხოლოდ 1970-იანი წლების პოპმუსიკა.

ის ახალი თაობების კულტურულ მეხსიერებაში გადავიდა.

2021 - შეუძლებელი დაბრუნდადა შემდეგ მოხდა ის, რასაც ოთხი ათწლეულის განმავლობაში თითქმის აღარავინ ელოდა.

2021 წელს ოთხივე წევრი კვლავ გაერთიანდა სტუდიაში.

მათ ჩაწერეს ახალი სიმღერები და გამოუშვეს ალბომი „Voyage“.

მაგრამ ეს მხოლოდ ახალი ალბომი არ იყო.

ისინი კიდევ უფრო შორს წავიდნენ.

შექმნეს შოუ, რომელშიც მაყურებელს თითქოს 1970-იანი წლების ABBA-ს ნახვა შეეძლო.

ამისთვის ჯგუფის ოთხივე წევრი სტოკჰოლმში, სპეციალურ სტუდიაში შეიკრიბა. ხუთი კვირის განმავლობაში მათ ეცვათ სპეციალური კოსტიუმები, რომლებზეც სენსორები იყო დამაგრებული, ხოლო 160 ციფრული კამერა მათი სხეულის, სახისა და მიმიკების თითოეულ მოძრაობას მილიმეტრის სიზუსტით იწერდა.

შემდეგ ეს მონაცემები ჯორჯ ლუკასის კომპანია „ინდუსტრიული ლაით ენდ მეჯიქის“ სპეციალისტებმა გამოიყენეს.

მათ შექმნეს ჯგუფის ახალგაზრდული ციფრული სახეები - „აბბატარები“.

საინტერესოა ერთი დეტალი:

მიუხედავად იმისა, რომ მაყურებელს სცენაზე 1979 წლის ABBA-ს ხედვის განცდა აქვს, თავად მოძრაობები და შესრულება თანამედროვე ABBA-ს წევრებისგან არის აღებული.

მათ ფაქტობრივად საკუთარი ახალგაზრდობისთვის „სხეული“ შექმნეს.

და ეს ტექნოლოგიური პროცესი ხუთ კვირაში შესრულებული გადაღებებიდან დაიწყო.

ABBA დღესლონდონში სპეციალურად აშენებულ ABBA არენაზე მაყურებელი ხედავს ბიორნს, ბენის, აგნეტასა და ანი-ფრიდს ახალგაზრდობაში.

ისინი მღერიან, მოძრაობენ, ცეკვავენ.

მათ გვერდით კი რეალური ცოცხალი მუსიკოსები უკრავენ.

ეს არც ჩვეულებრივი ვიდეოა და არც კლასიკური ჰოლოგრამული შოუ.

ეს არის ციფრული ტექნოლოგიით შექმნილი სცენური წარმოდგენა, რომლის ცენტრშიც ოთხი ადამიანი დგას, რომლებმაც საკუთარი ახალგაზრდობის ციფრული ვერსია შექმნეს.

ABBA-ს ისტორია ერთი დიდი ირონიით მთავრდება.

ისინი თითქოს ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ მუსიკა მარტივი ყოფილიყო.

მარტივი მელოდია.

მარტივი სიტყვები.

მარტივი ემოცია.

მაგრამ საბოლოოდ სწორედ ამ სიმარტივეში დამალეს ის, რაც ყველაზე რთულად იქმნება - ემოცია.

ოთხი ადამიანი შეიკრიბა.

ორი წყვილი შეიქმნა.

წყვილები დაიშალნენ.

ჯგუფი დაიშალა.

მაგრამ მუსიკა დარჩა.

და ის, რაც ოდესღაც შვედეთში ზედმეტად კომერციულ და ზედაპირულ მუსიკად მიაჩნდათ, საბოლოოდ მსოფლიო მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე ცნობად ჟღერადობად იქცა.

შეიძლება სწორედ ამიტომ მუშაობს ABBA-ს მუსიკა დღემდე.

რადგან მათი სიმღერები მხოლოდ ბედნიერებაზე არ არის.

ისინი გვახსენებენ, რომ ადამიანს შეუძლია იცეკვოს მაშინაც კი, როცა გული სტკივა.

და ზოგჯერ ყველაზე ნათელი მუსიკა სწორედ ყველაზე ბნელ ემოციებზე იწერება.