საქართველოს მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმა 8 მლრდ დოლარს გადააჭარბა. ამ წლის სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები, წინა წელთან შედარებით 50.5%-ით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს, 8.17 მლრდ დოლარს მიაღწია. მონაცემებს საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს. წინა თვესთან, ანუ აგვისტოსთან შედარებით, საერთაშორისო რეზერვების დონე 26.5 მლნ დოლარით არის გაზრდილი. სებ-ის მონაცემებით, გაუმჯობესდა რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებლებიც. საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მიმდინარე დონე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიით განსაზღვრულ ადეკვატურობის 100%-იან ზღვარს აღემატება და 128.7%-ს შეადგენს. სებ-ი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია და სწორედ აქედან გამომდინარე, „საქართველოს ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა, ყოველთვის მიმართულია რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე. როდესაც სავალუტო ბაზარი და მაკროეკონომიკური მდგომარეობა ამის შესაძლებლობას იძლევა, ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვებს ავსებს. ბოლო ორ წელიწადში, 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით, რეზერვების მოცულობა გაორმაგებულია. 2026 წლის განმავლობაში, სავალუტო ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სებ-ი რეზერვების შევსებას ახდენდა და 2026 იანვარ-აგვისტოში ჯამურად, წმინდა შესყიდვებმა 3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. რაც შეეხება რეზერვებში მონეტარული ოქროს წილს, სებ-ი წერს, რომ რომ 2026 წლის ივნისში დამატებით 100 მლნ დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა. ხოლო ოქროს ფასის მნიშვნელოვანმა ზრდამ, საერთაშორისო რეზერვების მატებაში თავისი წვლილი შეიტანა და მონეტარული ოქროს ღირებულება 1 მილიარდ დოლარს აჭარბებს, რაც მთლიანი რეზერვის 12.9% -ია