944 მანქანა ერთ თვეში - რუსეთში მეორადი ავტომობილების იმპორტში საქართველო კვლავ წამყვან ხუთეულშია. ამ მაჩვენებლით საქართველო ბელარუსს უსწრებს და მეოთხე ადგილზეა. მონაცემებს რუსული ანალიტიკურ სააგენტო „ავტოსტატი“ ავრცელებს. ამ მონაცემებიდან ვიგებთ, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში, რუსეთში ჯამურად 42 900 მეორადი ავტომობილი შევიდა. აქედან საქართველოს წილი 2.2%-ია, რაც 944 ერთეულს შეადგენს. ყველაზე დიდი წილი მეორადი ავტომობილების იმპორტში იაპონიამ შეინარჩუნა და 56%-იანი წილით ლიდერობს. მეორე ადგილზეა ჩინეთი, რომლის წილიც რუსეთის ავტოიმპორტში 29,1%-ია. შემდეგ პოზიციებს კი სამხეთ კორეა, საქართველო და ბელარუსი იკავებენ.
ამავე მონაცემებიდან ჩანს, რომ რუსეთში მეორადი ავტიმობილების იმპორტი აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, 6%-ით დაეცა. ამის გარდა, ივლისთან შედარებით, როცა რუსეთში 50 500 მეორადი ავტომობილის იმპორტი მოხდა, ყოველთვიურმა კლებამ 15% შეადგინა.
ამ წლის აგვისტოში, მეორადი მსუბუქი ავტომობილების იმპორტის მსგავსად, რუსეთში ახალი ავტომობილების იმპორტიც შემცირებულია.