ირაკლი ქადაგიშვილი - ეს არ არის ის რეზოლუციები, რომელიც სამართლიანობაზეა დამყარებული - ეს არის რეზოლუციები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ვიწროპოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილებას ემსახურება - Palitra News

ირაკლი ქადაგიშვილი - ეს არ არის ის რეზოლუციები, რომელიც სამართლიანობაზეა დამყარებული - ეს არის რეზოლუციები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ვიწროპოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილებას ემსახურება

2026-10-08 15:44:27+04:00

ეს არ არის ის რეზოლუციები, რომელიც სამართლიანობაზეა დამყარებული. ეს არის რეზოლუციები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება ვიწროპოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილებას,- ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც ევროპარლამენტის რეზოლუციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, საქართველოს კონსტიტუცია და ყველა ის კანონი გააჩნია, რაც არის სრულ შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტთან და „ცალკეული ევროპარლამენტარების გადასაწყვეტი არ არის, საქართველოში კანონი და კონსტიტუცია უნდა არსებობდეს თუ არ უნდა არსებობდეს”.

„სამწუხარო არის, როდესაც უკვე შევეჩვიეთ, ვხედავთ, რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები არიან, რომელთა დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით წლების განმავლობაში ცნობილი არის. მათი მიზანი არის ერთადერთი რამ, არა დემოკრატიული პროცესის ხელშეწყობა საქართველოში, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერის ნებისმიერი ხერხით და ნებისმიერი მეთოდით ხელისუფლებაში მოყვანა და მოტრიალება.

რაც შეეხება რეზოლუციასთან დაკავშირებულ საკითხებს. სწორედ ასეთი პოლიტიკით წაქეზებული და მათ მიერ ნაკვები ადგილობრივი პოლიტიკური ოპოზიცია იყო, ვინც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ქუჩაში მოისროლა და ერთი სიტყვა არ დასცდენიათ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ სამაგიეროდ ყოველმხრივ, ყველანაირად ახალისებდნენ, მათ შორის 4 ოქტომბრის გადატრიალებას. ამიტომ, ეს არის დამარცხებული საგარეო თუ საშინაო პოლიტიკური აქტორების გარკვეული, ასე ვთქვათ, საქართველოზე შურისძიების რეზოლუციების მთელი წყება, რომელსაც არანაირი რეალობასთან კავშირი არ გააჩნია.

რაც შეეხება იმას, რასაც ჰქვია, როგორც ისინი ეძახიან „პოლიტპატიმრებს“. მაშინ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ის, ვინც საქართველოში სახელმწიფო დაწესებულებებზე ან პოლიციელზე შტურმს და თავდასხმას ახორციელებს თუ პოლიტპატიმარია, მაშინ სულ რამდენიმე დღის წინ რამდენიმე ათასი პოლიტპატიმარი მიიღო საფრანგეთმა საპროტესტო გამოსვლების დროს, მაგრამ რეზოლუცია, რა თქმა უნდა, არც მიუღიათ და არც კრინტი არ დაუძრავთ.

რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ საკითხს. ძალიან ვთხოვდი, ყველამ კიდევ კარგად გაითვალისწინოს, რომ საქართველო არ გახლავთ ქვეყანა, რომელსაც არ გააჩნია კანონები. საქართველოს კონსტიტუცია და ყველა ის კანონი გააჩნია, რაც არის სრულ შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტთან. და ცალკეული ევროპარლამენტარების გადასაწყვეტი არ არის, საქართველოში კანონი და კონსტიტუცია უნდა არსებობდეს თუ არ უნდა არსებობდეს.

აქედან გამომდინარე, ჩვენ მივყვებით მხოლოდ და მხოლოდ კანონიერ და კონსტიტუციურ პროცესს, მათ შორის, იმ პარტიებთან დაკავშირებით, რომელთა საქმიანობასთან დაკავშირებით არსებობს ობიექტური მტკიცებულებები ჩვენი, ასე ვთქვათ, სარჩელიდან გამომდინარე.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არ არის ის რეზოლუციები, რომელიც სამართლიანობაზეა დამყარებული. ეს არის რეზოლუციები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება ვიწროპოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილებას,”-განაცხადა ქადაგიშვილმა.

ინფორმაციისთვის, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს რეზოლუცია - „საქართველოში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების შესახებ” - 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს, 97-მა ევროპარლამენტარმა კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. რეზოლუციის პროექტში, რომელიც გუშინ, აღნიშნულ საკითხზე დებატების გამართვამდე გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი მკაცრად გმობს ქართული ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებს და მათ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის დაუყოვნებლივ გატანას მოითხოვს. ამასთან, ევროპარლამენტი ევროკავშირსა და წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, სანქციები დაუწესონ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს; პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილსა და თბილისის მერს, კახა კალაძეს.