მედია - სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი უკრაინულ მხარესთან განიხილავენ ახალ იდეებს და შეეცდებიან შეიმუშაონ ერთიანი წინადადება უკრაინაში მიმდინარე ომის მოგვარების მიზნით - Palitra News

მედია - სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი უკრაინულ მხარესთან განიხილავენ ახალ იდეებს და შეეცდებიან შეიმუშაონ ერთიანი წინადადება უკრაინაში მიმდინარე ომის მოგვარების მიზნით

2026-10-09 09:02:58+04:00

აშშ-ის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი პარასკევს მაიამიში უკრაინულ მხარეს შეხვდებიან, რათა განიხილონ ახალი იდეები და შეიმუშაონ ერთიანი წინადადება უკრაინაში მიმდინარე ომის მოგვარების მიზნით, - ამის შესახებ Reuters-ი ინფორმირებულ ამერიკულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

წყაროს ცნობით, ვიტკოფი და კუშნერი უკრაინულ მხარესთან სამუშაო შეხვედრას გამართავენ, რათა განიხილონ „ახალი იდეები და წინადადებები, რომლის შემუშავებაც ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა რუსებთან და უკრაინელებთან ერთად რეგიონში ბოლო ვიზიტის დროს დაიწყეს“.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები. კიევს წარადგენენ უკრაინის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი, რუსტემ უმეროვი და მთავარი მომლაპარაკებელი დავიდ არახამია.

ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა ასევე მიიწვიეს მრჩევლები ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში გაერთიანებული სამეფოდან, საფრანგეთიდან და გერმანიიდან, ისევე როგორც ნატო-სა და ევროკავშირის წარმომადგენლები. წყაროს ცნობით, მოსალოდნელია, რომ მხარეები განიხილავენ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების წინადადებებს, ომის შემდგომი კეთილდღეობის გეგმასა და კონფლიქტის სხვა ასპექტებს.

ამასთან, წყარომ განაცხადა, რომ ევროპელებმა აშშ-ს აცნობეს თავიანთი უკმაყოფილება ენერგომატარებლებზე მაღალი ფასებისა და კონფლიქტის შედეგად გამოწვეული სხვა მნიშვნელოვანი ფინანსური გავლენების გამო. „თუ ომი არ შეწყდება, რთული ზამთარი გველის. ამიტომ, აშშ ცდილობს, მხარეებს შორის შუამავლის როლი შეასრულოს, რათა ერთიანი წინადადება შემუშავდეს“, - განაცხადა წყარომ.