პოლიტიკური განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა საწვავის ფასის ზრდა - საქართველოში მისი ფასი ბოლო დღეებში 6-10 თეთრით გაიზარდა, ევრორეგულარის ერთი ლიტრის ღირებულებამ კი 4 ლარსა და 8 თეთრს მიაღწია. ეკონომისტები გაძვირებას საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის ზრდას უკავშირებენ და გაიაფებას ამ ეტაპზე არ ელოდებიან. განსხვავებული შეფასება აქვს ოპოზიციას. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ვასო ურუშაძის განცხადებით, გლობალური ბაზრის მდგომარეობა საქართველოში ფასების მატებას სრულად ვერ ხსნის. ის შესაძლო კარტელურ გარიგებებსა და კორუფციულ შეთანხმებებზე საუბრობს და კონკურენციის სააგენტოს უმოქმედობაში ადანაშაულებს.