ასეთი შვილი ძალიან მძიმე რამეა, სხვა კომენტარი რა გავაკეთო არც კი ვიცი, - ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ პაატა ბურჭულაძის შვილის, შუქრი ბურჭულაძის განცხადებას, რომ „სხვა პატიმრების გათავისუფლების შემდეგ იქნება მსჯელობა იმაზე, პაატა ბურჭულაძე უფრო ფასეულია ციხეში თუ თავისუფლებაზე“.
ირაკლი კობახიძე ასევე გამოეხმაურა თავად პაატა ბურჭულაძის პოზიციასაც, რომ „ოცნებასთან“ საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა.
„რა თქმა უნდა, ბურჭულაძის ეს განცხადება არის აშკარა ანონსი. მასაც არ უნდა, ბუნებრივია, ციხეში ყოფნა და ასეთი ფორმით ერთგვარად დაგვიანონსა, საბოლოო ჯამში, საკუთარი ბრალის აღიარება. ეს კარგი იქნება, მასაც მოვუწოდებ აღიაროს საკუთარი დანაშაული, ასეთ შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან შესაბამისი ნაბიჯი გადაიდგმება, ის დატოვებს საპატიმროს. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებმა, ზოდელავამ, ბურჭულაძემ, სხვებმა ჩაიდინეს უმძიმესი დანაშაული, მათ ხელისუფლების დამხობა სცადეს, ასეთ პირობებშიც კი, ჩვენ მზად ვართ, შესაბამისი ნაბიჯი გადავდგათ. მიხარია, რომ მისი მხრიდან აღიარება დაანონსდა, რა თქმა უნდა, თუ ეს ნაბიჯი გადაიდგმება, ჩვენი მხრიდანაც იქნება შესაბამისი რეაგირება.... [რაც შეეხება შვილს], მე არ ვიცი, ასეთი შვილი ძალიან მძიმე რამეა, სხვა კომენტარი რა გავაკეთო, არც კი ვიცი. თავის დროზე, ჩახუნაშვილის შვილმა გააკეთა ასეთი განცხადება, ახლა ბურჭულაძის შვილმა. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის პავლიკა მოროზოვისეული დამოკიდებულება მშობლის მიმართ“, - განაცხადა კობახიძემ.