ირაკლი კობახიძე - „საქართველოს ფოსტა“ სწორი და კეთილსინდისიერი მენეჯმენტის პირობებში პირველად გავა მოგებაზე - მას შემდეგ, რაც მენეჯმენტი შეიცვალა და ხელმძღვანელად გიორგი ერაძე დაინიშნა, რადიკალურად შეიცვალა პროცესები - Palitra News

ირაკლი კობახიძე - „საქართველოს ფოსტა“ სწორი და კეთილსინდისიერი მენეჯმენტის პირობებში პირველად გავა მოგებაზე - მას შემდეგ, რაც მენეჯმენტი შეიცვალა და ხელმძღვანელად გიორგი ერაძე დაინიშნა, რადიკალურად შეიცვალა პროცესები

2026-10-09 12:51:22+04:00

მთლიანად ვასუფთავებთ პროცესებს - კორუფცია არის პრინციპულად აღმოფხვრილი, არამარტო ზედა ეშელონებში, ასევე წამყვან სახელმწიფო უწყებებში, სახელმწიფო საწარმოებში, რაც შეეხება ქვედა დონის კორუფციას, ნებისმიერ ქვეყანაში აქ არის მუდმივი ბრძოლა საჭირო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „საქართველოს ფოსტაში“ საგამოძიებო სამსახურის შესვლას.

მისივე თქმით, „საქართველოს ფოსტა“ წლების განმავლობაში იყო წამგებიანი ორგანიზაცია და ხელმძღვანელად გიორგი ერაძის დანიშვნის შემდეგ, რადიკალურად შეიცვალა პროცესები.

„გამოძიება არის საგამოძიებო უწყებების საქმე. ჩვენი საქმე არის ის, რომ რადიკალურად გავზარდეთ „საქართველოს ფოსტის“ მოგება. „საქართველოს ფოსტა“ წლების განმავლობაში იყო წამგებიანი ორგანიზაცია და მას შემდეგ რაც შეეცვალა მენეჯმენტი, გიორგი ერაძე დაინიშნა ხელმძღვანელად, რადიკალურად შეიცვალა „საქართველოს ფოსტაში“ პროცესები. ამან მოუტანა ფოსტას დამატებით მრავალმილიონიანი როგორც დანაზოგი, ისე ახალი შემოსავლები. შესაბამისად, წელს პირველად გადის „საქართველოს ფოსტა“ მოგებაზე. გასული წელი დაიხურა 7 - მილიონიანი წაგებით. წელს „საქართველოს ფოსტა“ სწორი და კეთილსინდისიერი მენეჯმენტის პირობებში პირველად გავა მოგებაზე. ეს ტენდენცია შენარჩუნდება და კიდევ უფრო მეტად გაიზრდება მომდევნო წლების განმავლობაში.

ზოგადად, მენეჯმენტის ეფექტიანობის გაუმჯობესება მუდმივი პროცესია. დაახლოებით 1.5 წელი, უკვე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნიდან, დაგვჭირდა იმისთვის, რომ ბევრი რაღაც გამოგვევლინა და გადაგველაგებინა. დაახლოებით წელიწადსა და ხუთ თვეში, გასული წლის ივნისისთვის, დასრულდა პროცესების გადალაგება, როცა ჩვენ მოვახერხეთ ყველაფერში ჩახედვა, საკადრო ცვლილებების განხორციელება, ამას დასჭირდა დრო, იყო პრობლემები, პრობლემები დაიძლია, ჩვენთვის მთავარი ესაა. რაც შეეხება წარსულს, თუ რაიმე არის გამოსაძიებელი, ამას გააკეთებენ შესაბამისი უწყებები. ჩვენი საქმე არის ის, რომ მთლიანად ვასუფთავებთ პროცესებს. „საქართველოს რკინიგზაც“ არის ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი. წელს დასრულდა მთლიანად პროცესების გასუფთავება. ლაშა აბაშიძესაც დასჭირდა თავისი დრო იმისთვის, რომ მთლიანად გაესუფთავებინა პროცესები, მათ შორის აქაც იყო უამრავი შუამავალი კომპანია, სამი შვილობილი კომპანია, ვერავინ გაიგო, რა საჭირო იყო სამი შვილობილი კომპანია, სადაც დასაქმებული იყო უამრავი ადამიანი. მარტო საკადრო ოპტიმიზაციის ხარჯზე მოვახერხეთ მილიონობით ლარის დაზოგვა. დაახლოებით 20 მლნ ლარის დაზოგვა, მარტო „საქართველოს რკინიგზაში“, 1100 ჭარბი შტატი იყო.

ყველა მიმართულებით ძალიან აქტიურად ვმუშაობდით, ვაგრძელებთ მუშაობას. 1.5 წელი კი დაგვჭირდა, მაგრამ მთავარი შედეგი არის ის, რომ არამხოლოდ ზედა ეშელონებში, ყველა შესაბამისი უწყება, სახელმწიფო უწყება, სახელმწიფო საწარმო პრინციპულად გავათავისუფლეთ კორუფციისგან, დანარჩენი ქვედა დონეზე ბრძოლა მუდმივად გაგრძელდება“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე განმარტებით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში იყო რამდენიმეწლიანი მონაკვეთი, როდესაც „ასეთი ტიპის პრობლემებმა იჩინა თავი“.

„მანამდე არ იყო ასეთი ტიპის პრობლემები, ძალიან ბევრი წლის განმავლობაში. დაახლოებით 2-წლიანი პერიოდი იყო, როდესაც გარკვეულმა პრობლემებმა სისტემურად იჩინა თავი. როგორც კი გამოვლინდა ასეთი პრობლემები, სისტემური სახით, მაშინვე ჩვენ ჩავერიეთ, მაშინვე გაკეთდა განაცხადა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. ჩვენ მყისიერად დავიწყეთ ამაზე მუშაობა. მთელ ამ პერიოდში იყო დაახლოებით 2-წლიანი პერიოდი, მონაკვეთი, როდესაც გარკვეული სუბიექტური არასწორი ქმედებების გამო, თავი იჩინა პრობლემებმა, კორუფციის მიმართულებით“, - განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე: აქ ხომ არ იგულისხმება ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბრალეულობა თუ ის „დიფ სთეითის“ გავლენებზე მიუთითებს, პრემიერ-მინისტრის განმარტებით, „ამ შემთხვევაში, ეს ყველაფერი იყო ლოკალური“.

„დიფ სთეთზე“ როცა საუბრობთ, როცა არის ქვეყნის გარედან მძიმე ზეწოლა, ასეთ დროს რთულია რამდენიმე მიმართულებით ერთდროულად კონცენტრირება. ჩვენ იმდენად ვიყავით დაკავებული თავდაცვით იმ თავდასხმების მიმართ, რაც ხორციელდებოდა ქვეყნის გარედან, ყველაფერზე კონცენტრირება იყო რთული. დღეს სახელმწიფო არის ძლიერი როგორც არასდროს, შესაბამისად ჩვენ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ შეგვიძლია თანაბრად ვიყოთ კონცენტრირებული როგორც გარე თავდასხმების მოგერიებაზე, ისე ქვეყნის შიგნით კორუფციასთან ბრძოლაზე. კორუფცია არის პრინციპულად აღმოფხვრილი, არამარტო ზედა ეშელონებში, ასევე წამყვან სახელმწიფო უწყებებში, სახელმწიფო საწარმოებში, რაც შეეხება ქვედა დონის კორუფციას, ნებისმიერ ქვეყანაში აქ არის მუდმივი ბრძოლა საჭირო“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.