გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ყოფილი კანცლერის, გერჰარდ შრიოდერის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ვიზიტით ღრმად აღშფოთებულია, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
“უკრაინაში მიმდინარე ომზე პასუხისმგებლობა მხოლოდ პუტინს ეკისრება და მისი ბრძანებები ყოველდღიურად იწვევს ენით აღუწერელ ტანჯვას, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლს, ოჯახების დაშორებას, სიკვდილსა და დაშავებას“, - აღნიშნა კანცლერმა.
მისი თქმით, ამ ფონზე, შრიოდერის პუტინთან ერთად ზეიმი „აბსოლუტურად ამორალურია”.
შრიოდერის მოსკოვში ვიზიტს სხვა გერმანელი პოლიტიკოსებიც გამოეხმაურნენ. ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა კატრინ გორინგ-ეკჰარდტმა შრიოდერის ვიზიტს „სირცხვილად“ და „ევროპის ღალატად“ შეაფასა.
„სირცხვილი გერმანიისთვის. ევროპის ღალატი. ზიანი მშვიდობისთვის. თუმცა, სამწუხაროდ, მისგან სხვა არაფერს ველოდი“, - დაწერა პარტია „ალიანსი 90/მწვანეების“ დეპუტატმა სოციალურ ქსელში.
ევროპარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მარი-აგნეს შტრაკ-ციმერმანმა ყოფილ კანცლერს „გერმანიის ყველაზე თავხედი პენსიონერი“ უწოდა. დეპუტატმა აღნიშნა, რომ ყოფილი კანცლერი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საგამოძიებო კომისიის სხდომებს არ ესწრება, თუმცა, ამავდროულად, რუსეთში გამგზავრების ძალა შესწევს.
„ზედმეტად ავადაა საგამოძიებო კომისიებისთვის (ძალიან მძიმე ემოციური გადაწვა), მაგრამ საკმარისი ძალა აქვს რუსეთში მაღალანაზღაურებადი თანამდებობებისთვის და დაბადების დღის აღსანიშნავად ომის დამნაშავე პუტინის სახლში. შეუდარებელი სირცხვილი“, - აღნიშნა შტრაკ-ციმერმანმა.
ევროპარლამენტარმა, “ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის” წევრმა დენის რადტკემ აღნიშნა, რომ შრიოდერი „საკმარისად ჯანმრთელია მოსკოვისთვის, პუტინისა და რუბლების ახალი პარტიისთვის“.
„გერჰარდ შრედერის შემთხვევაში „რასპუტინის სტილის“ სასწაულებრივ განკურნებასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა რადტკემ.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაბადების დღე გერმანიის ყოფილ კანცლერთან, გერჰარდ შრიოდერთან, ერთად აღნიშნა. “პრეზიდენტმა თავისი ძველი მეგობარი სახლში დაპატიჟა. გერჰარდ შრიოდერი ვლადიმერ პუტინთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც სახელმწიფოს მეთაურმა საკუთარი დაბადების დღე აღნიშნა”, - აღნიშნულია კრემლის ინფორმაციაში.