ციხეებში [მომხდარი] ახალი ისტორიები დამანგრეველია, რაც მოვისმინეთ და ვნახეთ, ეს არ არის უბრალო ამბები - ძალიან მძიმედ მოუბრუნდებათ ეს ყველაფერი, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ სტუმრობისას „ლიბერალური აკადემიის“ ხელმძღვანელმა, ლაშა ტუღუშმა განაცხადა.
ლაშა ტუღუშის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ნგრევაში რეკორდებს ხსნის, ხოლო გაფუჭებაში შეიძლება გინესის წიგნში შევიდნენ.
„ძალიან ცუდი სიტუაციაა ადამიანის უფლებების თვალსაზრისით. დაწყებული სამართლებრივი ჩარჩოდან, კანონებიდან, დამთავრებული პრაქტიკით, ყველგან გვაქვს უკუსვლა და ეს უკუსვლა იცის მთელმა მსოფლიომ. უკუსვლა არ ჩერდება, კიდევ და კიდევ მივდივართ უკან. ზღვარი არ ჩანს და სად გაჩერდება, ძნელი სათქმელია. ვითარება რთულია. ახალი ისტორიები ციხეებში დამანგრეველია, რაც მოვისმინეთ და ვნახეთ, ეს არ აის უბრალო ამბები. ვიღაცები ერთობიან და ხუმრობენ კიდეც, ეს სახუმარო თემა ნამდვილად არ არის. ძალიან მძიმედ მოუბრუნდებათ ეს ყველაფერი, ამაში დარწმუნებული ვარ. ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი საზოგადოების და ასევე, სხვა ქვეყნების თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რა თქმა უნდა, დარწმუნებული არიან იმიტომ, რომ ეს ოპერა უკვე ნამღერია. რასაც ახლა ვუყურებთ, ეს არ არის ახალი რამე. გაკვირვებულები არ ვართ იმიტომ, რომ მსგავსი სიტუაციები ბევრგან ყოფილა. სადაც ყოფილა, ყველგან ერთი სცენარით მთავრდება, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან ეს ყველაფერი დამთავრდება, უბრალოდ, ამ ნანგრევებში რამდენი მოჰყვება? ნგრევაში ვგულისხმობ სახელმწიფოს ნგრევას, ქვეყნის რეპუტაციის, ქვეყნის მდგომარეობის გაუარესებას, დამბლადაცემულ ქვეყანას ვემსგავსებით, ეს რა თქმა უნდა პრობლემაა. ამ ყველაფრის შედეგია, რასაც ვუყურებთ, ცინიკური დამოკიდებულება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არ ეთანხმებიან, არ იზიარებენ ან არ მოსწონთ, რასაც ხედავენ.
ნგრევაში რეკორდებს ხსნიან, გაფუჭებაში შეიძლება გინესის წიგნებში შევიდნენ, მაგრამ პოზიტიურ მოქმედებებში ძალიან რთულადაა საქმე იმიტომ, რომ არაფერი არ არის. ძალით რომ მოინდომო, გაიხედო, გამოიხედო, „ეს მაინც ხომ გაკეთდა“ - რის შესახებ იტყვი? შეგიძლიათ დამისახელოთ, რომ პოზიტიური დინამიკაა სადმე“, - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.