კანადის, დანიის, გერმანის, საფრანგეთის, იტალიის, იაპონიის, ნიდერლანდებისა და გაერთიანებული სამეფოს ერთობლივი განცხადებაში კატეგორიულად არ ვეთანხმებით აშშ-ს მიერ ჰააგის სასამართლოს წინააღმდეგ გამოცხადებულ სანქციებს - ერთსულოვანი ვართ ICC-ის მხარდაჭერაში - Palitra News

კანადის, დანიის, გერმანის, საფრანგეთის, იტალიის, იაპონიის, ნიდერლანდებისა და გაერთიანებული სამეფოს ერთობლივი განცხადებაში კატეგორიულად არ ვეთანხმებით აშშ-ს მიერ ჰააგის სასამართლოს წინააღმდეგ გამოცხადებულ სანქციებს - ერთსულოვანი ვართ ICC-ის მხარდაჭერაში

2026-10-09 20:37:29+04:00

კატეგორიულად არ ვეთანხმებით აშშ-ის მიერ ჰააგის სასამართლოს წინააღმდეგ შემოღებულ სანქციებს. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას კანადის, დანიის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, იაპონიის, ნიდერლანდებისა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრები ავრცელებენ.

“ჩვენ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) რომის სტატუტის ხელმომწერი სახელმწიფოები, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე და ურყევ მხარდაჭერას ICC-ის დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და კეთილსინდისიერებისადმი.

როგორც ICC-ის ერთგული მხარდამჭერები, ვწუხვართ და კატეგორიულად არ ვეთანხმებით შეერთებული შტატების მიერ სასამართლოს წინააღმდეგ გამოცხადებულ სანქციებს.

დაფასებით აღვნიშნავთ სასამართლოს მიერ გაწეულ სამუშაოს მსგავსი ზომებისთვის მოსამზადებლად, რათა მან შეძლოს რომის სტატუტით გათვალისწინებული მანდატის შესრულების გაგრძელება, და ხაზს ვუსვამთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას ამ პროცესში სასამართლოსთვის ხელშეწყობაში.

მიუხედავად ამისა, ამოქმედების შემთხვევაში ამ სანქციებს მნიშვნელოვანი გავლენა ექნებათ სასამართლოს მუშაობაზე, მის ერთგულ თანამშრომლებსა და მათ ოჯახებზე. ისინი ყოველდღიურად მუშაობენ იმისთვის, რომ პასუხისგებაში მისცენ ყველაზე მძიმე საერთაშორისო დანაშაულებში ბრალდებული პირები და მხარი დაუჭირონ დაზარალებულებს.

ჩვენ კვლავაც ერთსულოვანი ვართ ICC-ის მხარდაჭერაში და მზად ვართ, სასამართლოში არამონაწილე სახელმწიფოებთან კონსტრუქციულ და ინკლუზიურ დიალოგში ჩავერთოთ 2026 წლის დეკემბერში დაგეგმილი მონაწილე სახელმწიფოთა ასამბლეისთვის მზადების პროცესში. გავაგრძელებთ ერთად მუშაობას სასამართლოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმიანობის მხარდასაჭერად, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემის დასაცავად და ანგარიშვალდებულების პრინციპის წინ წასაწევად”, - ნათქვამია განცხადებაში.