Axios – ტრამპმა პუტინთან დიზელის საწვავზე შეთანხმება გააფორმა, რადგან უკრაინამ, მისი თხოვნის მიუხედავად, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა - Palitra News

Axios – ტრამპმა პუტინთან დიზელის საწვავზე შეთანხმება გააფორმა, რადგან უკრაინამ, მისი თხოვნის მიუხედავად, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა

2026-10-10 11:40:15+04:00

ტრამპმა პუტინთან დიზელის საწვავზე შეთანხმება გააფორმა, რადგან უკრაინამ, მისი თხოვნის მიუხედავად, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Axios ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, ტრამპმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ზელენსკიმ მისი რამდენიმე თხოვნა უგულებელყო, შეეწყვიტა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები.

აღნიშნულია, რომ ზელენსკი ტრამპს და მის წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს, ეუბნებოდა, რომ მზად არის რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები შეწყვიტოს, თუ რუსები დარტყმებს შეწყვეტენ უკრაინულ ელექტროსადგურებზე.

თუმცა, ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, ტრამპს სურდა, რომ უკრაინას ცალმხრივად შეეწყვიტა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები, ვინაიდან მათ წვლილი შეჰქონდათ ამერიკაში საწვავზე მაღალ ფასებში და ტრამპს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე განხორციელებული დარტყმები უკრაინის ენერგოსისტემაზე რუსეთის დარტყმების ტოლფასად არ მიაჩნდა.

„ზელენსკი არასწორად აფასებს ვითარებას. [რუსეთის] ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების გაგრძელებით ის ასუსტებს იმ კეთილგანწყობას, რომელიც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ტრამპთან დაამყარა“, - განაცხადა გამოცემის წყარომ.

გამოცემის ინფორმაციით, მაიამიში რვასაათიანი მოლაპარაკებების დროს ტრამპის წარმომადგენლებმა უკრაინულ დელეგაციას შეატყობინეს, რომ ტრამპი პუტინთან საუბარს გამართავს და რუსული დიზელის საწვავის იმპორტზე სანქციებს გააუქმებს.