ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოში ვითარება არ შეცვლილა - ქართველ ხალხს სურს, ევროპის ნაწილი იყოს, სამწუხაროდ, მთავრობას შესაბამისი ნაბიჯები არ გადაუდგამს - Palitra News

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოში ვითარება არ შეცვლილა - ქართველ ხალხს სურს, ევროპის ნაწილი იყოს, სამწუხაროდ, მთავრობას შესაბამისი ნაბიჯები არ გადაუდგამს

2026-10-12 10:22:34+04:00

ადგილზე ვითარება არ შეცვლილა - ქართველ ხალხს სურს, ევროპის ნაწილი იყოს, სამწუხაროდ, მთავრობას შესაბამისი ნაბიჯები არ გადაუდგამს, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ლუქსემბურგში ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვერ ვიწინასწარმეტყველებ, როგორ წარიმართება განხილვა, რადგან მოვისმენთ პრეზენტაციებს როგორც საგარეო ქმედებათა სამსახურის, ისე კომისიის მხრიდან. ადგილზე არსებული ვითარება არ შეცვლილა. საქართველოს მოსახლეობას სურს, იყოს ევროპის ნაწილი. სამწუხაროდ, მთავრობას არ გადაუდგამს შესაბამისი ნაბიჯები“, - აღნიშნა ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა რაიმე სახის დიალოგი ქართულ მხარესთან, საქართველოს მთავრობასთან, მინისტრმა უპასუხა: „ჩვენ გვაქვს საელჩო, რიგაში ახლახან მივანიჭეთ აკრედიტაცია ახალ ელჩს, ასე რომ, დიალოგი არსებობს“.

„საქართველო არ არის გარიყული საერთაშორისო პროცესებიდან. თუმცა, რაც შეეხება ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე გადასადგმელ ნაბიჯებს, რაც ქართველი ხალხის სურვილია, ხალხს მთავრობისგან განსხვავებული რამ სურს”, - აღნიშნა ბაიბა ბრაჟემ.