ასეთი ევროპარლამენტით ჩვენ, რა თქმა უნდა, ევროკავშირში არ უნდა გველოდონ, არ ვაპირებთ გვერდით დავუჯდეთ იმ ხალხს, რომელთაც ქართველი ხალხის მიმართ ზიზღი აქვთ - ევროპარლამენტზე ჩვენ რაიმე გავლენის მოხდენის იმედი არც გვაქვს, ეს არის უიმედო შემთხვევა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტს გამოეხმაურა, სადაც ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, კახა კალაძის და შალვა პაპუაშვილის სანქცირებას ითხოვენ.
მისი თქმით, პატივია, რომ დასასანქცირებელთა სიაში მისი სახელი და გვარიც მოხვდა.
„პატივია როდესაც ასეთ შემადგენლობაში მეც მასახელებენ. მესამე შემთხვევაა უკვე როდესაც მასახელებენ, ასე რომ, სამჯერ ვარ ნომინირებული ამ მნიშვნელოვან პრემიაზე ევროპარლამენტის მხრიდან. ეს ხუმრობთ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, რთულია ხუმრობის გარეშე შეაფასო ევროპარლამენტის მოქმედება. ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ზიზღი ქართველების მიმართ. ვთქვი კიდეც, რომ მაგონებს 1989 წლის საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობას. ეს ყრილობა 9 აპრილის შემდეგ შედგა და მაშინ მახსოვს საქართველოს ლანძღვა სახალხო დეპუტატთა ყრილობის ტრიბუნიდან. ზუსტად იგივე ესთეტიკა იყო, რასაც ევროპარლამენტიდან ვხედავდით. სხვათაშორის, მაშინაც იყვნენ ბალტიელები, ახლაც ბალტიელების და პოსტსაბჭოთა ნომენკლატურის გამოსვლებს ვხედავდით, ხომ. ნიშანდობლივია, ვის ვხედავთ, ვინ გამოირჩევა საქართველოს მიმართ ზიზღით ევროპარლამენტში - ეს არიან ბალტიისპირეთის წარმომადგენლები, სოციალისტური ბანაკის წევრები, რომლებმაც როგორც ჩანს, საბჭოთა კავშირისგან, ვითომ რომ გაემიჯნენ, სინამდვილეში, რაღაც წამოიღეს და წამოიღეს ეს ქედმაღლური დამოკიდებულება სხვა ერების მიმართ. კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რასაც ჩვენ ვხედავთ - ასეთი ევროპარლამენტით ჩვენ, რა თქმა უნდა, ევროკავშირში არ უნდა გველოდონ. არ ვაპირებთ გვერდით დავუჯდეთ იმ ხალხს, რომელსაც ქართველი ხალხის მიმართ ზიზღი აქვთ და ამ ზიზღს ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ავლენენ. ევროპარლამენტზე ჩვენ რაიმე გავლენის მოხდენის იმედი არც გვაქვს, ეს არის უიმედო შემთხვევა, ამიტომ ჩვენ ერთადერთი იმის იმედი გვაქვს, რომ იყოს ახალი არჩევნები და ევროპელმა მოქალაქეებმა აირჩიონ თავისი ქვეყნის ღირსეული წარმომადგენელი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტართა ჯგუფმა, მათ შორის, რასა იუკნევიჩიანემ და დევიდ მაკალისტერმა, მოამზადა რეზოლუციის პროექტი, სადაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირებას ითხოვენ. რეზოლუციის პროექტის ავტორები ევროკავშირსა და წევრ ქვეყნებს ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და კახა კალაძის მიმართ მიზანმიმართული სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ.