შალვა პაპუაშვილი - რუსეთის გადაწყვეტილება რამდენიმე კომპანიის მიმართაა და არა ზოგადად ღვინისა და სხვა სასმელის მიმართ, გასაკვირია! ხელისუფლება გაერკვევა და იმედია, შეიცვლება პოზიცია - სხვადასხვა აქტორის ინტერპრეტაციები ცალკე ინტერპრეტაციებია - Palitra News

შალვა პაპუაშვილი - რუსეთის გადაწყვეტილება რამდენიმე კომპანიის მიმართაა და არა ზოგადად ღვინისა და სხვა სასმელის მიმართ, გასაკვირია! ხელისუფლება გაერკვევა და იმედია, შეიცვლება პოზიცია - სხვადასხვა აქტორის ინტერპრეტაციები ცალკე ინტერპრეტაციებია

2026-10-12 13:50:42+04:00

როგორც შევიტყვეთ, რამდენიმე კომპანიის მიმართ არის და არა ზოგადად ღვინისა და სხვა სასმლის მიმართ ეს გადაწყვეტილება მიღებული. გასაკვირია! საფუძველი ჩვენთვის გაურკვეველია, ამიტომ ხელისუფლება, რა თქმა უნდა, გაერკვევა ამ საკითხში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რუსეთის მიერ ზოგიერთი ქართული კომპანიის პროდუქციის იმპორტზე დროებითი შეზღუდვის დაწესებასთან დაკავშირებით განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს შესაძლებლობა, რომ საკითხი რუსეთის ფედერაციასთან გაარკვიოს.

„როგორც შევიტყვეთ, რამდენიმე კომპანიის მიმართ არის და არა ზოგადად ღვინისა და სხვა სასმლის მიმართ. ანუ რამდენიმე კომპანიასთან დაკავშირებით არის, როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება მიღებული. გასაკვირია! საფუძველი ჩვენთვის გაურკვეველია, ამიტომ ხელისუფლება, რა თქმა უნდა, გაერკვევა ამ საკითხში და ვნახოთ, იმედია, რომ შეიცვლება გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ჩვენთვის საფუძველიც გაუგებარია ამ შემთხვევაში. ის ინტერპრეტაციები, რომლებიც მოვისმინეთ სხვადასხვა აქტორის მხრიდან, ეს ცალკე ინტერპრეტაციებია, მაგრამ ჩვენ რამე ოფიციალური საფუძველი არ მოგვისმენია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს შესაძლებლობა, რომ გაერკვეს რუსეთის ფედერაციასთან.

ზოგადად ქვეყნისთვის, რომელიც ისეთ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაშია, როგორშიც საქართველო, ბევრი რამე არის რისკის წარმომშობი, არა მხოლოდ რუსეთში ვაჭრობა, არამედ, ხედავთ, რომ ევროკავშირში ვაჭრობაც რისკებს შეიცავს- სანქციებს ითხოვენ, ვხედავდით მუქარას ყულევის პორტთან დაკავშირებით, ასე რომ, რისკები ყველა ბაზარზეა. მსოფლიო პოლიტიკა არ არის ისე მოწყობილი, რომ ქვეყნები ერთმანეთთან მეგობრულ ყიჟინაში არიან. ძალიან მკაცრი და პრაგმატულია მიდგომები საერთაშორისო პოლიტიკაში. ასე რომ, რისკები რუსულ ბაზარზეც არის, ევროკავშირის ბაზარზეც არის, ვხედავთ, რომ ერთგან ტარიფები იზრდება, მეორეგან სანქციები წესდება, მეოთხეგან საზღვრების ჩაკეტვა უნდათ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვიმოქმედოთ ჩვენი ხალხის და ეკონომიკური აქტორების ინტერესებიდან გამომდინარე, სადაც ექნება შესაძლებლობა ქართულ ბიზნესს, რომ ყველაზე სარფიანი იყოს მისი ბიზნესი, იქ უნდა იმოქმედოს - არა პოლიტიკური გადაწყვეტილებებით, როგორც გვეუბნებოდნენ, უარი თქვით რუსულ ბაზარზეო. ჩვენ სწორი ვიყავით იმაში, რომ მნიშვნელოვანია არ გვქონდეს ესკალაციის პოლიტიკა, იმიტომ, რომ როდესაც გაქვს ღია ეკონომიკა, ვაჭრობ სხვადასხვა ქვეყანასთან, ბევრ ქვეყანას აქვს ბერკეტები და არა მხოლოდ რუსეთს. სწორედ ეს არის პოლიტიკის მთელი მიზანი, რომ გვქონდეს ისეთი დაბალანსებული პოლიტიკა, რომელიც, ერთი მხრივ, არავის არ მისცემს იმის საბაბს, რომ ბერკეტები გამოიყენოს და მეორე, მაქსიმალურად სარგებლიანად იმოქმედებს შენი ბიზნესი და ამას უზრუნველყოფს საქართველოს ხელისუფლება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, რუსეთი ზოგიერთი ქართული კომპანიის ნაწარმის იმპორტს კრძალავს. ამის შესახებ ფედერალური ზედამხედველობის სამსახური წერილს აქვეყნებს.

დოკუმენტის თანახმად, რომელიც 9 ოქტომბრით არის დათარიღებული, წერია, რომ 2026 წლის 9 ოქტომბრიდან შემოღებულია დროებითი სანიტარული ღონისძიება რუსეთის ფედერაციაში საკვები პროდუქტების იმპორტისა და მიმოქცევის შეჩერების მიზნით.

აკრძალვა კი შეეხება შემდეგ კომპანიებს: „თელიანი ველი“; „თბილღვინო“; „ძმები ასკანელები“; „ვაინმენი“; „ქართული ლუდის კომპანია“; „კოკა-კოლა“; „ნაბეღლავი“.