თავის დროზე, პარტიის დამფუძნებლობა არ არის აცილების საფუძველი, ასე საერთოდ არცერთი კანონი არ უნდა განიხილოს მანანა კობახიძემ, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, მანანა კობახიძის სურვილს შეეხებოდა იმის თაობაზე, რომ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო სარჩელის განხილვაში მონაწილეობა არ მიიღოს.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მანანა კობახიძე თავის დროზე იყო კონკრეტული პარტიის დამფუძნებელი, მეათე წელია არის მოსამართლე და არავითარი შეხება არ აქვს კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან.
„მე, როგორც იურისტი, გიპასუხებთ, რომ, თავის დროზე, პარტიის დამფუძნებლობა არ არის საფუძველი აცილებისთვის. ასე საერთოდ არცერთი კანონი არ უნდა განიხილოს მანანა კობახიძემ. თავის დროზე იყო კონკრეტული პარტიის დამფუძნებელი და მეათე წელია არის მოსამართლე. მას არავითარი შეხება არ აქვს, არც კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან, არც ვინმე უზღუდავს სხვა პარტიის მიმართ ახალი პოზიციის ჩამოყალიბებას ან სხვაგვარად მოქმედებას. საქმეს აქვს კონკრეტული ღერძი, კონკრეტული არგუმენტაცია არის წარმოდგენილი. მოსამართლემ უნდა იმსჯელოს ამ არგუმენტაციასთან დაკავშირებით იზიარებს თუ არა. ამას არავითარი ფორმით არც ასეთი, არც ისეთი, არც მორალური ფორმით არ უზღუდავს არც ერთ მოსამართლეს წარსული პოლიტიკური საქმიანობა, არც მეორე მოსამართლეს წარსული საპროკურორო საქმიანობა, არავითარი ფორმით არ უზღუდავს. მათ თავისუფლად, მიკერძოების გარეშე შეუძლიათ საკუთარი მოსაზრება ჩამოაყალიბონ ჩვენს არგუმენტებთან დაკავშირებით. როგორც იურისტი გეტყვით, რომ აცილების საფუძველი არ არსებობს“, - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, არსებული ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძე ე.წ. პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო სარჩელისგან აცილებას ითხოვდა, თუმცა მისი ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.