რუსეთმა საქართველოდან ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების იმპორტი აკრძალა. აკრძალულ სასმელებს შორისაა ღვინო, კონიაკი, ლუდი, „კოკა-კოლა“ და მინერალური წყალი „ნაბეღლავი“. გადაწყვეტილება ევრაზიის ეკონომიკური კომისიის საბჭოს შესაბამისი დადგენილების საფუძველზე მიიღეს. რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა დროებითი სანიტარიული ზომები აამოქმედა და რუსეთში იმ პროდუქტების შეტანა და გაყიდვა აკრძალა, რომლებიც ქვეყანაში მოქმედ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს.