პრემიერი - კორუფცია არ იყო 14-წლიანი პრობლემა, 2 წელი იყო კრიტიკული, დღეს თუ წარმოადგენთ ერთ ფაქტს, რომ მინისტრი კორუფციულ გარიგებაშია, იქვე იქნება რეაგირება - ირაკლი ღარიბაშვილს არც არავინ შეუწირავს და არც არავის შეწირვის რესურსი არ აქვს - Palitra News

პრემიერი - კორუფცია არ იყო 14-წლიანი პრობლემა, 2 წელი იყო კრიტიკული, დღეს თუ წარმოადგენთ ერთ ფაქტს, რომ მინისტრი კორუფციულ გარიგებაშია, იქვე იქნება რეაგირება - ირაკლი ღარიბაშვილს არც არავინ შეუწირავს და არც არავის შეწირვის რესურსი არ აქვს

2026-10-12 15:59:27+04:00

“კორუფცია არ იყო 14-წლიანი პრობლემა. შეგიძლიათ სხვა პრემიერ-მინისტრები გაიხსენოთ, წელიწადი და ხუთი თვე დაგვჭირდა, რომ პრინციპულად გადაგველაგებინა სისტემა. დღეს თუ წარმოადგენთ, თუნდაც ერთ ფაქტს, რომ რომელიმე მინისტრი ან სხვა მაღალი თანამდებობის პირი კორუფციულ გარიგებაშია, იქვე იქნება მყისიერი რეაგირება - ქვედა დონეზე, რა თქმა უნდა, მუდმივად უნდა გაგრძელდეს კორუფციასთან ბრძოლა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, კორუფცია 14-წლიანი პრობლემა არ არის და არც გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობისას ვიყო სისტემურ კორუფციაზე საუბარი, ასევე არც მამუკა ბახტაძისა და არც გიორგი კვირიკაშვილის. პრობლემის გამოჩენისას გუნდის ხელმძღვანელმა გააკეთა განცხადება, რომელიც აღსრულდა და ეს პრობლემა სისტემურად აღმოიფხვრა.

“კორუფცია არ იყო 14-წლიანი პრობლემა. შეგიძლიათ სხვა პრემიერ-მინისტრები გაიხსენოთ, მაგალითად, გახარიასთან დაკავშირებით, შეიძლება იყო ერთი-ორი შემთხვევა, რომელზეც ჭორაობდნენ, რომ საკუთარი აგრარული ბიზნესი მოიწყო, ერთი სამეგრელოში და მეორე შიდა ქართლში, მაგრამ ეს იყო პატარა “ქართულ-ჯიგრულ პონტში”, როგორც თავად ამბობდა. სისტემურ კორუფციაზე არავინ საუბრობს გახარიას პერიოდში. ასევე ბახტაძის პერიოდში არავითარ კორუფციაზე არ საუბრობდნენ, არც კვირიკაშვილის პერიოდშია საუბარი სისტემურ კორუფციაზე. კორუფციამ თავი იჩინა და ამ მხრივ ორი წელი იყო კრიტიკული, თუმცა როგორც კი ეს პრობლემები გამოვლინდა, მაშინვე გუნდის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გააკეთა და პოლიტიკაში შემობრუნდა. შემდეგ ამ განაცხადის აღსრულება დავიწყეთ და ეს ყველაფერი ძალიან ეფექტურად გავაკეთეთ. მე დღესაც შემიძლია გავიმეორო ჩემი მარტივი შეთავაზება, თუ წარმოადგენთ თუნდაც ერთ ფაქტს, რომ რომელიმე მინისტრი ან სხვა მაღალი თანამდებობის პირი კორუფციულ გარიგებაშია იქვე იქნება მყისიერი რეაგირება. ამიტომ ძალიან თამამად ვსაუბრობთ ამ თემაზე, ჩვენი სისტემა ეფუძნება იმ ფაქტს, რომ ხელისუფლების ზედა ეშელონები მთლიანად გავწმინდეთ კორუფციისაგან. ქვედა დონეზე, რა თქმა უნდა, მუდმივად უნდა გაგრძელდეს კორუფციასთან ბრძოლა, მაგრამ ზედა დონეზე სისტემა კორუფციისაგან მთლიანად გაწმენდილია. ეს არის ძალიან მძიმე სამუშაო პროცესი, წელიწადი და ხუთი თვე დაგვჭირდა, რომ პრინციპულად გადაგველაგებინა სისტემა, თუმცა დღეს თამამად შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რომ ნებისმიერი მაღალი თანამდებობის პირზე პასუხისმგებლობას ვიღებთ”, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება კითხვას ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილების შესახებ, კობახიძემ აღნიშნა, რომ “ირაკლი ღარიბაშვილს არც არავინ შეუწირავს და არც არავის შეიწირავს, რადგან ამის რესურსი მას არ აქვს”.

“თვითონ ირაკლი ღარიბაშვილს არც არავინ შეუწირავს და არც არავის შეწირვის რესურსი მას არ აქვს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არაა აქტუალური, არც გუნდში და არც საზოგადოებაში, არც მისი წერილები და არც თავად ის. კორუფცია არის ძალიან ცუდი, მხოლოდ ეს შემიძლია გავიმეორო. ჩვენ ვიყავით თანაგუნდელები ვიყავით და სამწუხაროდ სხვანაირად გაგრძელდა პროცესები, ძალიან სამწუხაროა ადამიანური თვალსაზრისით, ძალიან სამწუხაროა კონკრეტული განცხადებებიც, თუმცა უნდა ამოვწუროთ ეს საკითხი”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.