იაგო კაჭკაჭიშვილი - 10-12 წელი იქნება, რაც საერთაშორისო განათლების ცენტრთან კავშირი არ მქონია, არც ვიცოდი თუ ფუნქციონირებდა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წევრი იყო - ასე რომ, ბატონო შალვა, მისამართი შეგეშალათ! - Palitra News

იაგო კაჭკაჭიშვილი - 10-12 წელი იქნება, რაც საერთაშორისო განათლების ცენტრთან კავშირი არ მქონია, არც ვიცოდი თუ ფუნქციონირებდა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წევრი იყო - ასე რომ, ბატონო შალვა, მისამართი შეგეშალათ!

2026-10-13 12:29:33+04:00

სიმართლე გითხრათ, არ ვიცოდი საერთაშორისო განათლების ცენტრი (CIE) დღემდე თუ ფუნქციონირებდა და, მით უფრო, წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წევრი იყო. მინიმუმ 10-12 წელი მაინც იქნება ამ ორგანიზაციასთან არავითარი კავშირი არ მქონია და წმინდა ფორმალურადაც კი არ გადაგვიკვეთავს ერთმანეთი - ასე რომ, ბატონო შალვა, მისამართი შეგეშალათ!- ასე გამოეხმაურა სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი „რუსთავი 2-ის“ დებატებში, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას.

საუბარია პარლამენტის სპიკერის განცხადებაზე, რომელმაც საერთაშორისო განათლების ცენტრის (CIE) მაგალითზე, რომლის ხელმძღვანელადაც იაგო კაჭკაჭიშვილი დაასახელა, აღნიშნა, რომ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრი უწყინარი სიაა, რომელიც არავის სტიგმატიზებას არ ახდენს.

კაჭკაჭიშვილის განმარტებით, აღნიშნული ორგანიზაცია ღია საზოგადოების ფონდს 20 წლის წინ გამოეყო და მისი საბჭოს წევრობა ორგანიზაციის დირექტორმა ნინო ჩინჩალაძემ სთხოვა.

„გუშინ შალვა პაპუაშვილს უთქვამს რუსთავი 2-ის დებატებში, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრი უწყინარი სიაა, არავის სტიგმატიზირებას ეს სია არ ახდენსო და ამის ერთ-ერთ ნიმუშად მე დამასახელა, როგორც საერთაშორისო განათლების ცენტრის (CIE) ხელმძღვანელი - არასამთავრობო ორგანიზაციის, რომელიც თურმე ამ რეესტრში დარეგისტრირებულა.

ჩემი მეხსიერების სკივრს სახურავი ავხადე და რა ინფორმაცია ამოვიღე?

საერთაშორისო განათლების ცენტრი (CIE) მართლაც არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 20 წლის წინ ღია საზოგადოების ფონდს (ე.წ. "სოროსის ფონდს") გამოეყო და აკვალიანებდა ახალგაზრდებს იმაში, თუ როგორ მიეღოთ განათლება უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში. ამ ორგანიზაციის დირექტორმა, ნინო ჩინჩალაძემ მეც და სხვებსაც ორგანიზაციის საბჭოს („ბორდის“) წევრობა გვთხოვა, რასაც, ცხადია, დავთანხმდი.

სიმართლე გითხრათ, არ ვიცოდი ეს ორგანიზაცია დღემდე თუ ფუნქციონირებდა და, მით უფრო, წარმოდგენაც არ მქონდა, რომ CIE ზემოაღნიშნული რეესტრის წევრი იყო. საქმე ისაა, რომ მინიმუმ 10-12 წელი მაინც იქნება ამ ორგანიზაციასთან არავითარი კავშირი არ მქონია და წმინდა ფორმალურადაც კი არ გადაგვიკვეთავს ერთმანეთი.

ასე რომ, ბატონო შალვა, მისამართი შეგეშალათ!

რაც შეეხება „ნაცობას“, რომელიც პაპუაშვილმა ჩემთან მიმართებით ახსენა. კარგი იქნებოდა, რაიმე ჯადოქრული ძალით, ბატონ შალვას ჯიბეში გაჭვარტლული ცხვირსახოცი აღმოჩენილიყო, რომელიც, გაოფლილი სახის მოწმენდისას, სახეს გაუშავებდა საარაკო ცილისწამებისთვის (ჩემი თაობის წარმომადგენლებს გახსოვთ ალბათ ასეთი თურქმენული ხალხური ზღაპარი: Сказка о мулле, судье и Ярты-Гулоке“, - განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.