საქართველოს ბიზნეს ასოციაცია BAG ინდექსის მესამე კვარტლის შედეგებს აქვეყნებს - Palitra News

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია BAG ინდექსის მესამე კვარტლის შედეგებს აქვეყნებს

2026-10-13 14:04:01+04:00

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია BAG ინდექსის მესამე კვარტლის შედეგებს აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელმა 2019 წლის შემდეგ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 48.4 ქულა შეადგინა. სექტორებს შორის კი, ბიზნეს კლიმატის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მშენებლობისა და მომსახურების სექტორებში დაფიქსირდა, სადაც ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობაც ყველაზე პოზიტიურად შეფასდა. კვლევიდან ვიგებთ, რომ გამოკითხულ კომპანიებს დადებითი მოლოდინი აქვთ, ასევე, დასაქმების მიმართულებით. დასაქმების ბარომეტრმა 32.9 ქულა შეადგინა, რაც წინა კვარტალთან შედარებით გაუმჯობესებული მაჩვენებელია. ასევე, აღსანიშნავია კომპანიების გეგმები დასაქმებულთა ანაზღაურებასთან დაკავშირებით, კერძოდ, გამოკითხულთა 30%, მეოთხე კვარტალში ხელფასების ზრდას პროგნოზირებს. რაც შეეხება გამოწვევებს. ამ წლის III კვარტალში ბიზნესის მთავარი გამოწვევა კვლავაც სპეციალისტების ნაკლებობაა, ასევე სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები. აღსანიშნავია, რომ წინა კვარტალთან შედარებით, 6 პროცენტული პუნქტით გამწვავდა სამუშაო ძალის სიმცირის პრობლემაც. ხოლო სექტორების მიხედვით, ზემოხსენებული სამივე ფაქტორი ყველაზე მეტად მშენებლობის სექტორისთვის წარმოადგენს პრობლემას. აღსანიშნავია ისიც, რომ მესამე კვარტალში ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელ ფაქტორებზე გამოკითხული კომპანიების 50% საუბრობს. ეს მაჩვენებელი კი წინა კვარტალთან შედარებით 7 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული. კვლევის ფარგლებში, კომპანიების საინვესტიციო გეგმებიც შეფასდა. გამოკითხულთა 68% 2026 წელს ჯამური საინვესტიციო მოცულობის გაზრდას გეგმავს, რომელიც უმეტესად აღჭურვილობისა და პროგრამული უზრუნველყოფის/მონაცემთა ბაზების შესაძენად იქნება მიმართული.