მხოლოდ ერთ თვეში, საქართველოში რუსული კაპიტალის მონაწილეობით 1 333 ბიზნეს სუბიექტი დარეგისტრირდა - Palitra News

მხოლოდ ერთ თვეში, საქართველოში რუსული კაპიტალის მონაწილეობით 1 333 ბიზნეს სუბიექტი დარეგისტრირდა

2026-10-13 14:04:39+04:00

მხოლოდ ერთ თვეში, საქართველოში რუსული კაპიტალის მონაწილეობით 1 333 ბიზნეს სუბიექტი დარეგისტრირდა. მონაცემებს „ბიზნესპრესნიუსი“ საქსტატიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე აქვეყნებს. სწორედ აქედან ვიგებთ, რომ 2026 წლის სექტემბერში, საქართველოში, რუსული კაპიტალის მონაწილეობით რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 75%-ით გაიზარდა. კერძოდ, მხოლოდ ერთ თვეში 1 333 ასეთი ბიზნეს სუბიექტი დარეგისტრირდა, მაშინ როდესაც 2025 წლის სექტემბერში მათი რაოდენობა 760 იყო. რაც შეეხება 2026 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებს, საქართველოში რუსული კაპიტალის მონაწილეობით 7 025 ბიზნეს სუბიექტი დარეგისტრირდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 26%-ით აღემატება. 2025 წლის პირველ ცხრა თვეში, ასეთი ბიზნეს სუბიექტების რაოდენობა 5 580-ს შეადგენდა. ზოგადად კი, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით 17 051 ბიზნეს სუბიექტი დარეგისტრირდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 15%-ით აღემატება. რაც შეეხება ქვეყნებს, რომელთა კაპიტალის მონაწილეობითაც ყველაზე მეტი ბიზნეს სუბიექტი დარეგისტრირდა საქართველოში. პირველ ადგილზე რუსეთი, მას მოსდევს უკრაინა, ხუთეულში კი მომდევნო პოზიციებს ბელარუსი, თურქეთი და ინდოეთი ინაწილებენ.