ალეკო ელისაშვილი - ეგონათ, მუხლებზე დამდგარს მნახავდნენ, მაგრამ მისამართი შეეშალათ, თავად კურორტივით ციხიდან „დანოსებს“ წერენ, ოღონდ გამოაღწიონ - დავითაძეს გვერდით დავუდექით, დავაზანზარეთ ციხე, 20-მდე ბიჭი გაიყვანეს და თქვეს, რომ გაანგრიეს ცემაში - Palitra News

ალეკო ელისაშვილი - ეგონათ, მუხლებზე დამდგარს მნახავდნენ, მაგრამ მისამართი შეეშალათ, თავად კურორტივით ციხიდან „დანოსებს“ წერენ, ოღონდ გამოაღწიონ - დავითაძეს გვერდით დავუდექით, დავაზანზარეთ ციხე, 20-მდე ბიჭი გაიყვანეს და თქვეს, რომ გაანგრიეს ცემაში

2026-10-13 19:42:26+04:00

მივმართავ გიორგი დავითაძის მამას, ვიცი რასაც დარდობს იმიტომ, რომ ქართველები ვართ, კაცები ვართ - მთელი ბიჭობა დგას გიორგი დავითაძის მის გვერდზე. კობახიძე და კალაძე აგდებით რომ ლაპარაკობდნენ, მაგათ რომ დაიჭერენ და ციხეში ჩასხდებიან, საკუთარი ოჯახის წევრებიც კი ზურგს შეაქცევენ და გიორგი დავითაძეს გვერდზე დაუდგა ციხე. ირანის ელჩთან და რუსეთთან წაკუზული კობახიძე და კალაძე, სხვის ღირსებაზე ეს ტუტუცები ნუ ლაპარაკობენ, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, ციხეში პატიმრებმა გიორგი დავითაძეს თანადგომა გამოუცხადეს.

მანამდე კი, მან ისაუბრა მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზე და აღნიშნა, ოჯახთან და გარე სამყაროსთან კომუნიკაცია აკრძალული აქვს.

„ეგონათ, რომ მნახავდნენ მუხლებზე დამდგარს, დავიწყებდი მათთან ხვეწნას და მუდარას, შეწყალების და საპროცესო გარიგებების თხოვნას და ასეთ უმსგავსობებს, მაგრამ მაგათ მისამართი შეეშალათ, ყველა თავისნაირი ჰგონიათ, თავიანთი საზომებით ზომავენ ყველას.

პარტიის წევრები და ლიდერები ძმაკაცებს იჭერენ, მერე აბუჩად ერთმანეთს იგდებენ, ერთმანეთზე რას ლაპარაკობენ, ციხეში არიან და ერთმანეთს აბეზღებენ. ჯერ ხომ, ჯარისკაცს ლუკმას ჰპარავდნენ, მაგას კადრულობდნენ, ისეთი მექრთამეები არიან. ახლა ერთმანეთს ხელს ადებენ, ერთმანეთზე „დანოსებს“ წერენ ოღონდ ციხიდან გამოაღწიონ, კურორტივით ციხეში სხედან იმ მეთორმეტეში. ოღონდ, იქიდან გამოაღწიონ და რას არ კადრულობენ. ყველა მაგათნაირი ჰგონიათ. ძალიან შეეშალათ“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მისი თქმით, ორ საკითხზე დარდობს, ერთი არის ის, რომ ცეცხლი უნდა წაეკიდებინა უსამართლობისთვის და ხალხის აბუჩად აგდებისთვის.

„საკუთარი ხალხის ცემისთვის. პირს აღებინებდნენ გოგოებს და აფურთხებდნენ დაჭერის მანქანებში, აი, ამისთვის მინდოდა ცეცხლის წაკიდება და შეფურთხება. ევროპა რომ უნდა გაეოცებინათ დემოკრატიით, გვპირდებოდნენ, ადამიანის უფლებებზე ისე იზრუნებდნენ, რომ გაგიჟდებოდნენ და ამ დროს, წამებაში რომ ხალხს სული ამოხადეს. აი, ამისთვის მინდოდა ცეცხლის წაკიდება. მეორე, რასაც ვნანობ, არის ის, რომ იმ სამ პირს ასე იოლად ვერ უნდა დავეჭირე, მითუმეტეს იარაღი მქონდა. არ გამივლია გულშიც კი, რომ იარაღი მათ წინააღმდეგ გამომეყენებინა. მეგონა, რომ ძალიან მარტივად მოვიგერიებდი მათ, მაგრამ ზედმეტი თავდაჯერებულობა ცხოვრებაში არ ვარგაო, ნათქვამია და საკუთარ თავზე გამოვცადე“,- განაცხადა ელისაშვილმა.

მისი თქმით, პატიმრებმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეს, მის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან გამომდინარე, თანადგომა გამოუცხადეს.

„2 ოქტომბერს ისეთი წინააღმდეგობა და პროტესტი გვქონდა, მიმიქარავს მანამდე პროტესტი. დავაზანზარეთ ის ციხე, ქუხდა და ინგრეოდა იქაურობა. ილეწებოდა ყველაფერი. აი, ეს იყო ნამდვილი ბუნტი იმიტომ, რომ ჩვენ გვერდზე დავუდექით დაჩაგრულ ბიჭს. მუტრუკმა სადისტებმა შეურაცხყოფა მიაყენეს გიორგი დავითაძეს, ვაჟკაც ბიჭს. მთელი ციხე გვერდზე დაუდგა და გავაპროტესტეთ ძალადობა. ასეთი სოლიდარობა, თავგანწირვა არსად მინახავს. ყველამ იცოდა, რა ელოდა, მაგრამ არავის უკან არ დაუხევია. იმ ბიჭებმა, ვინც დალეწეს ძვლებში და წაიყვანეს, იცოდნენ რა ელოდათ, მაგრამ არავის უკან არ დაუხევია. კრიმინალები არიან, კი ბატონო, მაგრამ ვაჟკაცი ბიჭები არიან. დაახლოებით 20-მდე ბიჭი ან შეიძლება მეტი გაიყვანეს ციხიდან მთელი ღამის განმავლობაში. მერე დარეკეს და თქვეს, რომ გაანგრიეს ცემაში. ჩემი დერეფნიდან არაერთი გაიყვანეს. ციხეში ვითარება მაგ კადრებმა ააფეთქა. ჩემს გარდა დეესკალაცია ყველას აქვს გავლილი...ეს არანაირი შემოწმება არ იყო, ეს იყო დაგეგმილი სადამსჯელო სპეცოპერაცია“,-განაცხადა ელისაშვილმა.

მისი თქმით, პატიმრების პროტესტი გამოიწვია ამ ამბავთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის „ცინიკური სახით“ გამოსვლამ და ბადრაგებისადმი მადლობის გადახდამ.

“სიტყვის დამთავრებისთანავე დაიწყო შუშების ლეწვა და დედის გინება პენიტენციურის უფროსისა და ციხის დირექტორის. მეგონა, რომ ჩამოიშლებოდა ციხე, ისეთი ამბავი იყო“ , - განაცხადა ელისაშვილმა.

მისი თქმით, პენიტენციურმა სამსახურმა თქვა, რომ ციხეებში არაფერი ხდებოდა, თუმცა რეალურად იტყუება. პენიტენციური სამსახური იტყუება.

„ჩემ კორპუსში დღემდე არის დალუქული საკანი იმიტომ, რომ პატიმარმა ჩალეწა შუშები და შუშის ნამსხვრევებით გადაიჭრა ვენები და მიიყენა დაზიანებები... ანალოგიურად დალუქულია ზედა დერეფანშიც, რადგან ბიჭმა დარეკა და დაადასტურა, ვენები გადავიჭერიო და ასეთი ტყუილების თქმა შეიძლება? ადამიანების ბედი აქვს ჩაბარებული. 14 000 ადამიანი ჰყავთ გამომწყვდეული. მთელი ღამე გაჰყავდათ პატიმრები. 9 პატიმრის სახელი და გვარი ვიცი, ვინც გაიყვანეს. როგორ შეიძლება ასეთი რამ, მაგრამ ძალიან კარგად მოხვდებათ ცხვირში...მინდა გითხრათ, ბოლო 2-3 დღეა სულ ფეხის წვერებზე დაცუნცულებს ციხის ადმინისტრაცია, ვისაც მანამდე ებუზღუნებოდნენ და რაღაცაზე უარს ეუბნებოდნენ, ახლა ყველას თავს ევლებიან. ძალიან კარგი, ასე უნდა იყოს. არ მინდა, რომ „ნაბან წყალს ბავშვი გადავაყოლო“. იმ რამდენიმე არაკაცის, არამზადას, მათ შორის ვარაბიოვია, თუ ვიღაც ვიგინდარა, არ შეიძლება მათ გამო ყველა ბადრაგს ჩირქი მოეცხოს“,- განაცხადა ელისაშვილმა.

მან მიმართა კონკრეტულად, გიორგი დავითაძის მამას და თანადგომა გამოუცხადა.

„კაცია და ვიცი, უფრო მეტად განიცდის, რასაც დარდობს იმიტომ, რომ ქართველები ვართ, კაცები ვართ - გიორგი დავითაძის გვერდზე დგას ყველა ღირსეული პატიმარი ციხეში. ციხური ტერმინი რომ ვთქვა, მთელი ბიჭობა დგას მის გვერდზე, მთელი ბიჭობა. ამიტომ დარდი ნუ ექნება, რომ მასზე ვიღაცა რაღაცას სხვანაირად იტყვის. კობახიძე და კალაძე ასე აგდებით რომ ლაპარაკობდნენ, მაგათ ხომ დაიჭერენ და ციხეში რომ ჩაჯდებიან, საკუთარი ოჯახის წევრებიც კი ზურგს შეაქცევენ და გიორგი დავითაძეს გვერდზე დაუდგა ციხე. ირანის ელჩთან და რუსეთთან წაკუზული კობახიძე და კალაძე, სხვის ღირსებაზე ეს ტუტუცები ნუ ლაპარაკობენ“, - განაცხადა ელისაშვილმა.