ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების განხილვას იანვარში გააგრძელებენ - მიმდინარე თვის ბოლოს კი გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიშს გამოაქვეყნებენ, რომელშიც საქართველოზეც იქნება საუბარი. ევროპელი ლიდერები მმართველ გუნდს მიღებული კანონების გამო აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ საქართველო პოლიტიკური უკუსვლის გზას ადგას, რაც ჩვენს ქვეყანას ევროპულ პერსპექტივას აშორებს. ხელისუფლება ბრიუსელის კრიტიკას არ იზიარებს და ევროკავშირის წარმომადგენლებს დიალოგისკენ მოუწოდებს. ოპოზიცია კი პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებს და პროცესის შესაცვლელად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას სწორედ მისგან მოითხოვს.