ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთმა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიზანმიმართული ბალისტიკური სარაკეტო დარტყმა განახორციელა - რუსეთს აშშ-ის მიმართ ასეთი დემონსტრაციული უპატივცემულობა არასდროს გამოუვლენია - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთმა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიზანმიმართული ბალისტიკური სარაკეტო დარტყმა განახორციელა - რუსეთს აშშ-ის მიმართ ასეთი დემონსტრაციული უპატივცემულობა არასდროს გამოუვლენია

2026-10-14 11:02:05+04:00

ეს იყო რუსეთის მიზანმიმართული ბალისტიკური სარაკეტო დარტყმა კონკრეტულად ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე - სწორედ იმ ინფრასტრუქტურაზე, რომელსაც ამერიკის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მოიცავდა, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ უკრაინაზე განხორციელებულ თავდასხმას.

მისი ინფორმაციით, რუსეთმა 39 ბალისტიკური რაკეტა და 120-ზე მეტი დრონი გამოიყენა კიევში, კიევის ოლქსა და ხარკოვში მდებარე ენერგეტიკული და კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ.

„დარტყმა სრულად განზრახული და მასშტაბის მხრივ დემონსტრაციული ხასიათის იყო - რუსეთს შეერთებული შტატების მიმართ ასეთი დემონსტრაციული უპატივცემულობა აქამდე არასდროს გამოუვლენია. რუსეთი ამერიკის პრეზიდენტის განცხადებებს არ მიიჩნევს ძლიერად. სამწუხაროდ, ამჟამად ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი სულ მცირე 600 000 ადამიანი. შესაძლოა, გათიშვები კიდევ უფრო მასშტაბური გახდეს. სამწუხაროდ, მნიშვნელოვნად დაზიანდა ობიექტები და აღჭურვილობა - ჩვენი ენერგოსისტემის 26 და ნავთობისა და გაზის სექტორის ოთხ ობიექტზე”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან აშშ-სა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებს რუსეთის ქმედებების რეაგირებისკენ მოუწოდა.

„მოვუწოდებთ ამერიკას და მსოფლიოში ყველას, ვინც თვალს არ ხუჭავს რეალობაზე, მოახდინონ რეაგირება - თანაც მტკიცე რეაგირება. რუსეთმა ხელიდან გაუშვა დეესკალაციის შანსი და აშკარად აირჩია განადგურებისკენ მიმართული თავისი გიჟური ომის გაგრძელება. მოვუწოდებთ პრეზიდენტ ტრამპს, დაუწესოს რუსეთს მკაცრი სანქციები, მით უმეტეს, რომ ლინდსი გრემის კანონპროექტი, რომელიც ცოტა ხნის წინ დამტკიცდა და კანონად იქცა, სწორედ ასეთი ზომების გატარების უფლებას იძლევა და მათ არეგულირებს”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ამერიკის პრეზიდენტს გააჩნია ყველა ქმედითი და აუცილებელი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ძალის, სამართლიანობისა და აგრესორზე ზეწოლის გზით მშვიდობა შესაძლებელი გახადოს.

„ვითხოვთ Patriot-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების დამატებით პაკეტებს უკრაინისთვის. სრულიად სამართლიანია, როდესაც შეერთებულ შტატებს, ევროპასა და ჩვენს ყველა პარტნიორს ვეუბნებით, რომ მსოფლიოში არცერთი ქვეყანა არ უნდა დარჩეს პირისპირ მარტო ისეთ შეშლილ და ომის მომხრე აქტორთან, როგორიც რუსეთია”, - განაცხადა ზელენსკიმ.