არჩილ გორდულაძე - ჩვენი მოლოდინია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას, აგენტურის საქმიანობა ერთხელ და სამუდამოდ აიკრძალება და ოპოზიციური ველი ოკუპაციისგან გათავისუფლდება - Palitra News

არჩილ გორდულაძე - ჩვენი მოლოდინია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას, აგენტურის საქმიანობა ერთხელ და სამუდამოდ აიკრძალება და ოპოზიციური ველი ოკუპაციისგან გათავისუფლდება

2026-10-14 12:45:50+04:00

ჩვენი მოლოდინია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს ერთადერთ და ობიექტურ გადაწყვეტილებას და ამ ე.წ. პარტიების და რეალურად აგენტურის საქმიანობა ერთხელ და სამუდამოდ აიკრძალება და ოპოზიციური ველი ოკუპაციისგან გათავისუფლდება, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ე.წ. პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის დაწყების დაანონსებას გამოეხმაურა.

როგორც გორდულაძემ აღნიშნა, მმართველი პარტია საკუთარ პოზიციებში არის მყარი.

“საინტერესოა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელის დეტალებთან დაკავშირებით არავინ საუბრობს. არც პოლიტიკური პარტიები - ფაქტებს ისინი საერთოდ არ უარყოფენ და არ ამბობენ, რომ ასეთი ქმედებები არაკონსტიტუციურია. ამბობენ, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კონსტიტუციის ჩარჩოებიდან არიან გასულები, უბრალოდ არ შეიძლება და წერტილი.

ზუსტად ისეთივე მოცემულობაა როგორც ე.წ. „რუსული კანონის“ და რეალურად გაუმჭვირვალობის კანონის დროს იყო, რომ შინაარსში არ უნდა შევიდეთ, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ველი და უბრალოდ უნდა ვთქვათ, რომ კანონი არის რუსული. ზუსტად იმავეს ამბობენ ახლა, სარჩელით მიმართვის უფლების რეალიზაცია მავანის თვალში წარმოადგენს დემოკრატიულ უკუსვლას. იმიტომ, რომ თავისივე აგენტების დაცვა აგენტურის გამომგზავნის ვალია და „რიგითი რაიანების“ თუ ქართული სახელისა და გვარის მქონე აგენტების გადასარჩენად მათი პატრონები ყველაფერს აკეთებენ. ჩვენ ველოდებით სასამართლო განხილვას, ჩვენს პოზიციებში ვართ მყარები. ჩვენ გვყავს ოპოზიციურ ველზე ე.წ. პოლიტიკური პარტიები, სხვადასხვა ნიშნებითა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიული სახეებით წარმოდგენილი, რომელთა მიზანი არის ფეხქვეშ გათელონ ადამიანის უფლებები, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, სოციალური მდგომარეობა, დემოკრატიის საფუძველზე ხალხის არჩევანი, წაახალისონ ექსტრემიზმი, ამით გავიდნენ კონსტიტუციური ჩარჩოდან. ნებისმიერი ქვეყნის მაგალითი რომ ავიღოთ, ეს არის კონკრეტული ე.წ. პარტიის აკრძალვის საფუძველი. ჩვენ ჩვენს დასაბუთებას წარვადგენთ საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენი მოლოდინია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს ერთადერთ და ობიექტურ გადაწყვეტილებას - ამ ე.წ. პარტიების და რეალურად აგენტურის საქმიანობა ერთხელ და სამუდამოდ აიკრძალება და ოპოზიციური ველი ოკუპაციისგან გათავისუფლდება.

რაც შეეხება მანანა კობახიძის გადაწყვეტილებას, რაც ვნახე მანანა კობახიძის დასაბუთება თვითაცილებასთან დაკავშირებით, ამას სამართლებრივი საფუძველი ჩემი გადმოსახედიდან, არ აქვს. ამავე ლოგიკით, მას არ უნდა განეხილა არცერთი ის კანონი, რომელიც „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ იყო ინიცირებული. მაგრამ ადამიანი თავისუფალია, დააყენა თავისი პოზიცია, რაზეც დამოუკიდებელმა სასამართლომ იმსჯელა და მიიღეს გადაწყვეტილება, რაც მიიღეს. რა იყო მოტივაცია, რომ უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 4 თვით ადრე, მანანა კობახიძეს დაეწერა განცხადება და პირადი განცხადების საფუძველზე წასულიყო, ეს მას უნდა ჰკითხოთ“,- განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის პროცესი 21 ოქტომბრიდან იწყება.