შალვა პაპუაშვილი - ჩვენმა თაობამ გამოვიარეთ გოლგოთა, მაგრამ ამავე დროს, ვიხილეთ უფლის ნებით, ადამიანის ხელით მოხდენილი სასწაული, რომელმაც ფერფლიდან აღადგინა ქართული ეკლესია - რომ არა ქრისტიანული ღირებულებითი სისტემა, არ ვიქნებოდით ერი, რომელიც დღეს ვართ - Palitra News

შალვა პაპუაშვილი - ჩვენმა თაობამ გამოვიარეთ გოლგოთა, მაგრამ ამავე დროს, ვიხილეთ უფლის ნებით, ადამიანის ხელით მოხდენილი სასწაული, რომელმაც ფერფლიდან აღადგინა ქართული ეკლესია - რომ არა ქრისტიანული ღირებულებითი სისტემა, არ ვიქნებოდით ერი, რომელიც დღეს ვართ

2026-10-14 14:37:40+04:00

დღეს ისტორიული სვეტიცხოვლობაა, ჩვენ აღვნიშნავთ დღეს თარიღს, როდესაც 1700 წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა მიიღეს გადაწყვეტილება და შეუდგნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებას, შეუდგნენ გზას, რომელსაც ისინი გოლგოთასავით გადიოდნენ და არც ერთხელ არ გადაუხვევიათ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სვეტიცხოველში განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, რომ არა ქრისტიანული ღირებულებითი სისტემა, ჩვენ არ ვიქნებოდით ის ერი, რომელიც დღეს ვართ.

„თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, წმინდა სინოდის წევრებო, ძვირფასო მაღალი იერარქიის სტუმრებო, რომლებიც ჩამობრძანებული ხართ ამ მნიშვნელოვან დღეს საქართველოში, ძვირფასო საზოგადოებავ.

1700 წლის წინ, აქ ამ ადგილას, მეფე მირიანმა უბრალოდ ახალი რელიგია არ მიიღო, მან მიიღო ახალი ღირებულებით სისტემა და ახალი კულტურული კალაპოტი მისთვის და მისი ხალხისთვის. რომ არა ქრისტიანული კულტურული კალაპოტი, ჩვენ არ გვექნებოდა ვეფხისტყაოსანი, არ გვექნებოდა „შენ ხარ ვენახი“, არ გვექნებოდა ქართული მრავალხმიანობა, არ გვეყოლებოდა ვაჟა და ილია.

რომ არა ქრისტიანული ღირებულებითი სისტემა, ჩვენ არ ვიქნებოდით ის ერი, რომელიც დღეს ვართ.

ჩვენმა თაობამ გამოვიარეთ გოლგოთა, მაგრამ ამავე დროს ჩვენ ვართ ის თაობა, რომელმაც ვიხილეთ უფლის ნებით, ადამიანის ხელით მოხდენილი სასწაული, რომელმაც ფერფლიდან აღადგინა ქართული ეკლესია, ჩვენ ნახევარი საუკუნე ამ სასწაულის მომსწრე და მონაწილე ვიყავით, ამიტომ ამ დღეს განსაკუთრებულად უნდა გავიხსენოთ ჩვენი წმინდა პატრიარქი ილია მეორე.

ჩვენ თაობას წილად ხვდა ის პატივი, რომ აღვნიშნოთ საქართველოს ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1700 წელი. გადავშალოთ ეს ფურცელი მომავალ საუკუნეში, ჩვენი მომავალი თაობისთვის, რომელიც ზუსტად აქ, ამ ადგილას აუცილებლად შეიკრიბება 100 წლის შემდეგ, რომ აღნიშნოს 1800 წლის იუბილე, შემდეგ კიდევ 100 წლის და ა.შ. მანამ სანამ ეს ქვეყნიერება არსებობს.

ეს არის ჩვენი მისია, ეს არის ჩვენი მიზანი, ეს არის ჩვენი ერის სულიერი დანიშნულება, მინდა კიდევ ერთხელ ყველას მოგილოცოთ ეს ისტორიული დღე და გისურვოთ ჩვენ ეკლესიაში გაერთიანებული ერი, ისევე როგორც ჩვენ ვიხილეთ ჩვენი წმინდა პატრიარქის გასვენებისას. უფალი ფარავდეს საქართველოს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.