ეკა ბესელია - პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული მოთხოვნა უპრეცედენტოა - უკვე დანიშნული პროცესები კი ნიშნავს, რომ აქამდე რაღაცას ელოდებოდნენ, ემზადებიან, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება ფორსირებულად მოხდეს - Palitra News

ეკა ბესელია - პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული მოთხოვნა უპრეცედენტოა - უკვე დანიშნული პროცესები კი ნიშნავს, რომ აქამდე რაღაცას ელოდებოდნენ, ემზადებიან, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება ფორსირებულად მოხდეს

2026-10-14 16:01:38+04:00

პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული მოთხოვნა და საკონსტიტუციო სარჩელი უპრეცედენტოა - ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ რეპრესიული პოლიტიკა კულმინაციურ ფაზაში გადადის! აპირებენ, რომ პარტიების ერთი ხელის მოსმით განადგურების გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს მიაღებინონ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებელმა ეკა ბესელიამ განუცხადა.

ბესელიას შეფასებით, ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების აკრძალვა არამხოლოდ პოლიტიკურ პროცესს აყენებს უდიდესს ზიანს და საკონსტიტუციო სასამართლოს იმიჯს ანადგურებს, არამედ აზიანებს თვითონ “ქართულ ოცნებას“.

„ეს იქნება ევროკავშირისათვის გაგზავნილი „მესიჯი“, რომ არ გვაინტერესებს რას ამბობს ევროკავშირი, ევროკომისია და ვაკეთებთ იმას, რაც გვინდა. მეორე მხრივ, უკვე დანიშნული პროცესები ნიშნავს იმას, რომ აქამდე რაღაცას ელოდებოდნენ - თავმჯდომარე შეიცვალა და ორ მოსამართლე გააწესეს. ფაქტია, რომ პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს ვერ ირჩევს, რადგან კვორუმი არ ჰყოფნის. საქმე განსახილველად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა და გამომდინარე იმათგან ვინც ჰყავთ, პლენუმისთვის უფრო დაბალი კვორუმი იქნება. ემზადებიან, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება უფრო სწრაფად და ფორსირებულად მოხდეს. რა თქმა უნდა, ეს ბევრი თვალსაზრისით საზიანო პროცესი იქნება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

რაც შეეხება მანანა კობახიძის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დატოვებას, ბესელიას თქმით, თუ კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლო საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა, მის ამ გადაწყვეტილებას მიესალმება, ხოლო თუ აიძულეს, „ეს უკვე დანაშაულია და ამაზე კობახიძემ თავად უნდა ისაუბროს“.

ბესელიამ ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ სულ ჰქონდა განცდა იმისა, რომ ასეთ მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემებზე მანანა კობახიძეს პროტესტი უნდა ჰქონოდა.

„მანანა კობახიძის გადაწყვეტილებას მივესალმები. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს ძალიან მძიმე დავალებები მისცეს. სულ მიკვირდა - პროტესტი ალბათ ჰქონდა, მაგრამ ამ პროტესტის გამოხატვას აქამდე ალბათ ვერ ახერხებდა. წლებია მანანა კობახიძეს ვიცნობ. ვმეგობრობდით პარლამენტამდე და “ქართულ ოცნებამდე“. პარლამენტში რამდენიმე წელი გვერდი-გვერდ ვისხედით და ერთად ვმუშაობდით. მისი საქმეებიდან გამომდინარე, სულ მქონდა განცდა იმისა, რომ ასეთ მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემებზე, რომელიც ადამიანის უფლებებს სისტემურად აზიანებდა, მას პროტესტი უნდა ჰქონოდა.

არ ვიცი, რაიმე ზეწოლა იყო მასზე თუ თავად დამოუკიდებლად მიიღო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ფაქტია, რომ მან საკუთარი კრიტიკული პოზიცია გამოხატა, როდესაც განრიდების მოთხოვნა დააყენა. ეს უკვე იმას ნიშნავდა, რომ ამ გადაწყვეტილებაში მონაწილეობის მიღება არ სურდა.

ეს კარგია, რადგან იურიდიული პროფესია ასეთ პრინციპულ გადაწყვეტილებებს ძალიან დიდხანს იმახსოვრებს. პროფესიული იმიჯი და სანდოობა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და მაღალია, რაც არ შეიძლება პოლიტიკური გუნდის ან ვინმეს დავალების საპირწონე იყოს, ვისთანაც ანგარიშვალდებული ხარ. მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მოსამართლის თავისუფლებას იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ გამართლება არა აქვს, რის გამო შეიძლება მოსამართლემ ეს თავისუფლება დაკარგოს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.