ჯორჯია მელონი აშშ-რუსეთს შორის დიზელის შეთანხმებაზე - ძალიან სარისკო ნაბიჯია, რაც მოსკოვს ლეგიტიმაციას ანიჭებს - უკრაინამ ხვალ რომ შეწყვიტოს თავის დაცვა, როგორც ბევრი იმედოვნებს და გვთავაზობს, მშვიდობა არ გვექნება - Palitra News

ჯორჯია მელონი აშშ-რუსეთს შორის დიზელის შეთანხმებაზე - ძალიან სარისკო ნაბიჯია, რაც მოსკოვს ლეგიტიმაციას ანიჭებს - უკრაინამ ხვალ რომ შეწყვიტოს თავის დაცვა, როგორც ბევრი იმედოვნებს და გვთავაზობს, მშვიდობა არ გვექნება

2026-10-14 17:43:42+04:00

იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის განცხადებით, აშშ-სა და რუსეთს შორის დიზელის მიწოდების თაობაზე მიღწეული შეთანხმება „ძალიან სარისკო ნაბიჯია“, რომელიც ეწინააღმდეგება ძალისხმევას, აიძულონ ვლადიმერ პუტინი, უკრაინასთან მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

“ეს მოსკოვს ლეგიტიმაციას ანიჭებს მაშინ, როდესაც მისი ბომბები კვლავ ცვივა უკრაინულ ქალაქებზე, ქმნის ომის დასაფინანსებლად საჭირო ახალ შემოსავალს და ფარულად ასუსტებს სანქციების ეფექტიანობას”, - აღნიშნა მელონიმ.

მისი თქმით, ევროკავშირის 27-მა ქვეყანამ უნდა დანიშნოს „ავტორიტეტული ფიგურა“, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ევროპის სახელით აწარმოებს მოლაპარაკებებს; ამასთან, მან არ გამორიცხა ოფიციალური მანდატის მინიჭება ე.წ. E3-ის ჯგუფისთვის, რომელშიც გერმანია, საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო შედიან.

„თუ საფრანგეთს, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთს მიაჩნიათ, რომ დამოუკიდებლად უკეთეს შედეგს მიაღწევენ, ვიდრე ეს ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით იქნებოდა შესაძლებელი - და ჯერჯერობით მათ სწორედ ეს გზა აირჩიეს - მაშინ, დაე მათ, სულ მცირე, ეს ყველას სახელითა და ოფიციალური მანდატით გააკეთონ“, - განაცხადა მელონიმ.

ამასთან, მისი თქმით, უკრაინის მხარდაჭერა მშვიდობის ალტერნატივა არ არის, არამედ სწორედ ეს ხდის მშვიდობას შესაძლებელს.

“რადგან, თუ აგრესორს მოწინააღმდეგის კაპიტულაციის მიღწევა შეუძლია, რაღაში სჭირდება მას მოლაპარაკება? უკრაინამ ხვალ რომ შეწყვიტოს თავის დაცვა, როგორც ამას ბევრი იმედოვნებს და გვთავაზობს, მშვიდობა არ გვექნება. ვისაუბრებთ ევროპული სახელმწიფოს ოკუპაციასა და საბჭოთა სტილის იმპერიალიზმის დაბრუნებაზე, რასაც ევროპა ნახევარი საუკუნის განმავლობაში განიცდიდა”, - აღნიშნა იტალიის პრემიერმა.

მისი თქმით, ევროკავშირის სამიტზე განიხილავენ რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული თავდასხმების ესკალაციის საკითხს - საუბარია დრონების შეჭრაზე, კიბერშეტევებზე, დივერსიებსა და სხვა ფარულ ოპერაციებზე, რომლებიც კიევისადმი მხარდაჭერის შესუსტებას ისახავს მიზნად.

„უნდა დავიცვათ ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურა: ენერგოსისტემები, წყალქვეშა კაბელები, პორტები, აეროპორტები და წყალქვეშა სივრცე, სადაც იტალიას განსაკუთრებული გამოცდილება გააჩნია“, - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.