დავით ოქიტაშვილი თინათინ რუხაძეს - ვისი დავალებით მოქმედებდით ჩემს წინააღმდეგ?! - მივმართავ პროკურატურასა და აუდიტის სამსახურს, შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების სრული ინფორმაცია - ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - Palitra News

დავით ოქიტაშვილი თინათინ რუხაძეს - ვისი დავალებით მოქმედებდით ჩემს წინააღმდეგ?! - მივმართავ პროკურატურასა და აუდიტის სამსახურს, შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების სრული ინფორმაცია - ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?!

2026-10-14 20:35:21+04:00

“კულტურის პალატის“ ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი კულტურის ყოფილ მინისტრს, თინათინ რუხაძეს მისი საქმიანობის მიზანმიმართულ შეზღუდვაში, ასევე, მისი პერსონის რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებს და სამართალდამცავ უწყებებს ყოფილი მინისტრის საქმიანობის შესწავლისკენ მოუწოდებს.

კერძოდ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ მიმართვაში ოქიტაშვილი პროკურატურისა და აუდიტისგან პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯების გასაჯაროებას ითხოვს.

ოქიტაშვილის თქმით, თინა რუხაძე კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან ურთიერთობას უზღუდავდა, ასევე, ის ითხოვს პასუხს, თუ ვინ დაავალა, რომ შეეჩერებინა „ისტორიული პროექტი, ვარსკვლავების გახსნა წარმატებული და ღვაწლმოსილი ადამიანებისთვის“.

ამასთან, განცხადებაში ოქიტაშვილი ახსენებს მამუკა მდინარაძეს და წერს, რომ თინა რუხაძის სიტყვებით მდინარაძეს „ოქიტაშვილი სძულს“ და არ უნდა გაეკარონ.

„დიდხანს ვიკავებდი თავს, მაგრამ ახლა დადგა დრო, საჯაროდ ვთქვა ის, რაზეც ბოლო დროს დუმილს ვამჯობინებდი!!

ქალბატონო თიკა რუხაძე, დღეს მინდა პირდაპირ და საჯაროდ მოგმართოთ!!

თქვენი მინისტრობის პერიოდში საქართველოს კულტურის პალატა და პირადად მე, როგორც მისი ხელმძღვანელი, არაერთი წინააღმდეგობის წინაშე აღმოვჩნდით.

მიმაჩნია, რომ ეს იყო მიზანმიმართული მოქმედებები, რომლებიც კულტურის პალატის საქმიანობის შეზღუდვასა და ჩემი რეპუტაციის შელახვას ემსახურებოდა.

დღეს კი მინდა რამდენიმე კითხვაზე საჯაროდ მიპასუხოთ.

ვისი დავალებით მოქმედებდით ჩემს წინააღმდეგ?!

ვინ დაგავალათ, რომ კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის ჩემთან ურთიერთობა შეგეზღუდათ ?! ვინ დაგავალათ, რომ შეგეჩერებინათ ისტორიული პროექტი, ვარსკვლავების გახსნა წარმატებული და ღვაწლმოსილი ადამიანებისთვის?!

რატომ ცდილობდით საქართველოს კულტურის პალატის ფილარმონიაში არსებული ოფისიდან გამოსახლებას და, ფაქტობრივად, ქუჩაში დატოვებას?!

იმ სივრციდან, რომელიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გადმოგვცა და ადგილი, სადაც წლების განმავლობაში ცნობილი ხელოვანები იკრიბებოდნენ, მსჯელობდნენ ქართული კულტურის მომავალზე, პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

ცნობისთვის, ამ ოფისში საუბარი მუდმივად კულტურაზე, ხელოვნებასა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მიმდინარეობდა და არა ათიათასდოლარიან ჩანთებზე და ძვირადღირებულ სამოსებზე?!

„ოქიტაშვილი ბიძინას აგენტი და წულუკიანის კუდია!!“ - ქალბატონო თიკა, ეს ხომ თქვენი სიტყვებია?!

ჩემი ინფორმაციით, ამ ფრაზას სხვადასხვა ადამიანებთან საუბრისას თქვენ ხშირად იმეორებდით.

დიახ, იგივეს იძახდა თქვენი მფარველიც "მამუც" (მამუკა მდინარაძე) როგორც თქვენ მას მოფერებით ეძახდით.

„მამუს სძულს ოქიტაშვილი და არ გაეკარო!!“ - ესეც ხომ თქვენი სიტყვებია?!

მერწმუნეთ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ სიტყვების უშუალო მოწმეები არიან.

ქალბატონო თიკა, კი ახლა მინისტრი აღარ ხარ!!

მაგრამ მიპასუხე, რატომ ცდილობდით ჩემს იზოლაციას კულტურის სფეროს წარმომადგენლებისგან?!

რატომ გაღიზიანებდათ ჩემი საქმიანობა და ურთიერთობები?!რატომ ვიყავი ყველა კულტურულ ღონისძიებებში და შეკრებებზე სიიდან ამოღებული და დაბლოკილი?!

სწორი ნათქვამია "ღორს მარგალიტები არ უნდა დაუყარო"!!დღეს კიდევ უფრო სერიოზულად ვუყურებ იმ კრიტიკას, რომელიც თქვენი მინისტრობის პერიოდში ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლების მხრიდან ისმოდა.

და ახლა კიდევ ერთი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხი!!

საჯაროდ მივმართავ საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შეისწავლონ და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების სრული ინფორმაცია.

რა თანხები დაიხარჯა?!

ვის გადაერიცხა სახელმწიფო სახსრები?!

როგორ განხორციელდა შესყიდვები და რამდენად მიზნობრივი იყო თითოეული თეთრი?

ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?!

საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, როგორ და რა გადაწყვეტილებების საფუძველზე იხარჯებოდა სახელმწიფო ფული. მოვითხოვ, შესაბამისმა უწყებებმა შეისწავლონ თქვენი შესაძლო მონაწილეობა აღნიშნულ ფინანსურ გადაწყვეტილებებში.

ასევე, როგორც ცნობილია, რამდენიმე კვირის წინ ლოპოტაზე გამართულ ძვირადღირებულ საქორწილო წვეულებას ესწრებოდით. პირადი ცხოვრების განხილვა ჩემი მიზანი არ არის, თუმცა როდესაც საჯარო თანამდებობის ყოფილ პირთან დაკავშირებით ფინანსური გამჭვირვალობისა და შესაძლო კორუფციული გარიგებების შესახებ კითხვები ჩნდება, საზოგადოებას მათზე დასაბუთებული პასუხების მოსმენის უფლება აქვს.

ქალბატონო თიკა, დროა, საჯაროდ უპასუხოთ კითხვებს!

მე აღარ ვაპირებ დუმილს!

ეს არ არის პირადი დაპირისპირების სურვილი. ეს არის კითხვები, რომლებზეც პასუხებს საქართველო ელოდება!

დიახ ახლა ამ პასუხებს მეც საჯაროდ ვითხოვ! პ.ს - "ღალატი მტრისგან არ მოდის. მტერი გებრძვის, მოღალატე კი გიღიმის"“, - წერს დავით ოქიტაშვილი.