დევნილი ოჯახები, რომლებიც სახელმწიფოსგან საცხოვრებლის სანაცვლოდ ფულად კომპენსაციას ითხოვენ, თანხას განაცხადების მიღების დასრულებიდან 45 კალენდარული დღის განმავლობაში მიიღებენ. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, კომპენსაცია მხოლოდ განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში გაიცემა. ოჯახს მანამდე არ უნდა უსარგებლია დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამებით. ამასთან, განაცხადში მითითებული ოჯახის წევრთა რაოდენობა მონიტორინგის შედეგად დადგენილ რეალურ მდგომარეობას უნდა შეესაბამებოდეს.