გიგი წერეთელი - თუ ხელისუფლება პოლიტპატიმრებს გაუშვებს, პირობებს შექმნის თავისუფალი არჩევნებისთვის, რეპრესიულ კანონებს გააუქმებს, პირადად დავეხმარები ჩემი გამოცდილებით, კონტაქტებით, რომ საქართველო გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა - Palitra News

გიგი წერეთელი - თუ ხელისუფლება პოლიტპატიმრებს გაუშვებს, პირობებს შექმნის თავისუფალი არჩევნებისთვის, რეპრესიულ კანონებს გააუქმებს, პირადად დავეხმარები ჩემი გამოცდილებით, კონტაქტებით, რომ საქართველო გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა

2026-10-16 19:31:58+04:00

ეს ახლა არის პიარული მანევრი, რომ „ჩვენ გვინდოდა, ჩვენ შემოგთავაზეთ და თქვენ უარი გვითხარით“. მე ვფიქრობ, „ქართული ოცნება” დარწმუნებულია, რომ ამ საკითხზე კონსენსუსის მოპოვება ვერ მოხდება. „ქართული ოცნების” პოლიტიკის დამსახურებაა, რომ საქართველოს ეუთო-ს თავმჯდომარეობაზე შეთანხმება ვერ მოხდება, რადგან „ქართული ოცნების” ანტი-დასავლური, ანტი-დემოკრატიული პოლიტიკა ეუთო-ს მნიშვნელოვან პრინციპებს არღვევს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა განაცხადა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის, იგნასიო კასის საქართველოში ვიზიტიც შეაფასა და აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა, ის უფრო მეტად გასცნობოდა მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას იმის ფონზე, რომ ქვეყანაში მწვავე კრიზისია.

„ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის ვიზიტი ყოველთვის არის ქვეყანაში მნიშვნელოვანი მოვლენა, ეუთო-ს ნებისმიერ წევრ ქვეყანაში. ამ შემთხვევაში ბატონი კასისი წარმოადგენს შვეიცარიას და არის შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი. ყოველთვის ასე არის, თავმჯდომარე ქვეყანა იქნება შერჩევით და მისი საგარეო საქმეთა მინისტრი უხელმძღვანელებს ეუთო-ს საქმიანობას. ეს არის ნიშნავს იმას, რომ ის არის გადაწყვეტილების მიმღები. უმეტეს შემთხვევაში, გადაწყვეტილებებს კონსენსუსის წესით, წევრი ქვეყნები იღებენ.

კარგი იქნებოდა, ამ ვიზიტის დროს უფრო მეტი შეხვედრები ყოფილიყო. ასეთ გამწვავებულ ვითარებაში, როცა, პრაქტიკულად, დემოკრატიის ნგრევა მიდის ქვეყანაში და პარტიებს კრძალავენ, ბატონ კასის კარგად მოეხსენება თავად, რომ ეუთო არ არის სავაჭრო და დაკავშირებადობის ქვეყანა. ეს არის უსაფრთხოების, თანამშრომლობისა და, მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი მისი არის დემოკრატია და ადამიანის უფლებები, ამიტომ, ამ მხრივ, ძალიან კარგი იქნებოდა, რომ კიდევ უფრო ღრმად გასცნობოდა ამ ვითარებას და სხვა შეხვედრებიც ჰქონოდა.

რაც შეეხება საქართველოს შესაძლო თავმჯდომარეობის საკითხს, მე ძალიან კარგად ვიცი ეუთო, ბევრ თავმჯდომარესთან მიმუშავია და არსებობს მოცემულობები, არსებობს შემთხვევითობაც, მაგრამ როდესაც კონსენსუსზეა საუბარი, აქ ძალიან რთულია წარმოიდგინო, რომ თუნდაც ის ქვეყნები, რომლებიც მუდმივად აკრიტიკებენ საქართველოს, აგერ, ბრიტანეთმა დაასანქცირა, მანამდე ეუთო-ს მოქმედი ყოფილი თავმჯდომარე რომ იყო ჩამოსული, იმის გამო, რომ პროტესტში მონაწილეებს შეხვდა, ის დააჯარიმეს. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი შეხედულებებია და ეს ყველაფერი „ქართული ოცნების” პოლიტიკის დამსახურებაა. თუ კი საქართველო დღეს ამ შესაძლებლობას კარგავს, რომ მის თავმჯდომარეობაზე შეთანხმება მოხდეს, რაც მე ძალიან გამიხარდებოდა, ეს პირველ რიგში არის ამ ანტი-დასავლური, ანტი-დემოკრატიული პოლიტიკის ბრალი, რომელიც ეუთო-ს მნიშვნელოვან პრინციპებს არღვევს.

მე მინდა პირდაპირ განვაცხადო, რომ თუ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს გაუშვებს და არ ეყოლება, პირობებს შექმნის თავისუფალი არჩევნებისთვის, ამ რეპრესიულ კანონმდებლობას გააუქმებს და არ ჩაახშობს თავისუფალ სიტყვას, პირადად დავეხმარები ყველანაირად, ყველა ჩემი გამოცდილებით, კონტაქტითა და ა.შ. რომ საქართველო გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა. ძალიან მინდა ეს, ძალიან გამიხარდებოდა, მაგრამ ყველა იმ ნაბიჯით, რასაც დღეს საქართველოს ხელისუფლება დგამს, კეტავს გზას არა მარტო ეუთო-ს თავმჯდომარეობისთვის, არამედ ძალიან ბევრი დიდი სარგებლისთვის და რაც მთავარია, უსაფრთხოებისა და იმ სტანდარტისთვის, რომელიც ყველას გვჭირდება. ამიტომ გვინდა ჩვენ ევროპა და ევროინტეგრაცია.

ამიტომაც, ეს ახლა არის პიარული მანევრი, რომ “ჩვენ გვინდოდა, ჩვენ შემოგთავაზეთ და თქვენ უარი გვითხარით”. მე ვფიქრობ, “ქართული ოცნება” დარწმუნებულია, რომ ამ საკითხზე კონსენსუსის მოპოვება ვერ მოხდება”, - განაცხადა გიგი წერეთელმა.