პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპაშვილი საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ ნდობის შემცირებას პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს უკავშირებს. ამის შესახებ მან რომში, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა ევროპულ კონფერენციაზე ისაუბრა. პაპაშვილის შეფასებით, საერთაშორისო ორგანიზაციები ზოგჯერ ცალკეული სახელმწიფოებისა და პოლიტიკური ჯგუფების ინტერესების გასატარებლად გამოიყენება, რაც მათ ავტორიტეტს აზიანებს. საქართველოს მაგალითზე მან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოზიცია გააკრიტიკა. პაპაშვილის მტკიცებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შეფასებისას ასამბლეამ ეუთო/ოდირის დასკვნისგან განსხვავებული მიდგომა აირჩია და არჩევნების შედეგები ეჭვქვეშ დააყენა. პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ამან საქართველოს დემოკრატიულად არჩეული პარლამენტის ლეგიტიმურობის საკითხიც დააზიანა. მისივე განცხადებით, საერთაშორისო ინსტიტუტებმა მიუკერძოებლობა უნდა შეინარჩუნონ, ხოლო საპარლამენტო დიპლომატიამ დიალოგს და საერთო სტანდარტების დაცვას უნდა შეუწყოს ხელი.