სოფიო ხორგუანი - როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი მივა და იტყვის: „ხომ არ დაგავიწყდათ, ვინ არის აქ მამა, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს“ - ვიღაცას დატუქსავს, ვიღაცას წაახალისებს - Palitra News

სოფიო ხორგუანი - როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი მივა და იტყვის: „ხომ არ დაგავიწყდათ, ვინ არის აქ მამა, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს“ - ვიღაცას დატუქსავს, ვიღაცას წაახალისებს

2026-10-16 22:00:03+04:00

პატარა ბიჭები ძალიან გაერთნენ თავიანთ არასერიოზულ თამაშებში. როგორც ჩანს, აქამდე მიიყვანეს საქმე - „ბატონო ბიძინა, მიშველე, მომხედე“, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა სოფიო ხორგუანმა განაცხადა, რითაც 17 ოქტომბერს დაგეგმილ უმრავლესობის სხდომას ეხმაურება, რომელსაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სოფიო ხორგუანმა განაცხადა, რომ ხვალინდელ უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილი „გუნდის დაშოშმინებას“ შეეცდება.

„კირცხალიას არ აღიარებენ უმრავლესობის ლიდერად. მე ვფიქრობ, რომ ივანიშვილი შეეცდება დააშოშმინოს გუნდი. გუნდში რომ ერთგვაროვნება არ არის, ეს ეტყობა ყველაფერს. ვარაუდებს კი არ ვლაპარაკობ, ეს ეტყობა ყველაფერს, დაპირისპირება გარეთაა გამოსული. კიდევ რომელი 1-ელი ოქტომბერი გახსენდებათ, მოლოცვის გარეშე რომ დაგვტოვეს? პარტიას რომ ზარ-ზეიმით არ მოელოცა, დითირამბებით საკუთარი თავი არ შეემკო, ასეთი რამე გახსენდებათ? როგორ ფიქრობთ, რატომ არ გახსენდებათ? როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი მივა და იტყვის: ხომ არ დაგავიწყდათ, ვინ არის აქ მამა, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს. ვიღაცას დატუქსავს, ვიღაცას წაახალისებს“, - განაცხადა სოფიო ხორგუანმა.

რაც შეეხება საკონსტიტუციო სარჩელს პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, სოფიო ხორგუანის განცხადებით, საკონსტიტუციო სარჩელის მთავარი სამიზნე პარტია „გახარია საქართველოსთვისაა“.

ხორგუანის თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ პარტიების აკრძალვის პროცესის დაწყება „ფეხების ბაკუნს ჰგავს“ დასავლეთის წინაშე.

„ჩვენს გამო ხდება ეს ყველაფერი. შარშან შეიტანეს ეს სარჩელი, 28 თუ 29 ოქტომბერს, ჩვენ რომ შევედით პარლამენტში, იმ დღეს შეიტანეს. ერთი წლის განმავლობაში არავის არ გახსენებია, არცერთ „ოცნების“ მოლაპარაკე თავს არ გახსენებია. თუ ერთი წლის განმავლობაში ეს სარჩელი იქ არის, რატომ არავის გაახსენდა, რატომ არ გვაქვს შედეგი, „ოცნების“ რომელიმე ლიდერისგან ამ თემაზე საუბარი გახსოვთ? ახლა უცებ აღმოჩნდა, რომ ჩვენ დაგვამატეს და კი არ აითვალეს, ერთი წელი და ცხრა თვე, ახლა უცბად უნდა ჩავნიშნოთ სხდომებიო.

შიგნით ამას გაყიდიან, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დავამარცხე, ხოლო გარეთ ყველას ეუბნება, რომ მე საერთოდ არ მაინტერესებს თქვენი აზრი, აი, საპარლამენტო პარტიას ვაუქმებ. თუ გინდათ, მიმიღეთ ისეთი, როგორიც ვართ. ეს ფეხების ბაკუნს ჰგავს“, - განაცხადა სოფიო ხორგუანმა.