ირაკლი კობახიძე კითხვაზე: მოსალოდნელია თუ არა მდინარაძის მიმართ სამართლებრივი პროცესი - ამას საფუძველი არ აქვს, არ უნდა ველოდოთ - რაც შეეხება მასთან კომუნიკაციას, პერიოდულად მაქვს, მეგობრობა პოლიტიკასთან დაკავშირებული არ არის - Palitra News

ირაკლი კობახიძე კითხვაზე: მოსალოდნელია თუ არა მდინარაძის მიმართ სამართლებრივი პროცესი - ამას საფუძველი არ აქვს, არ უნდა ველოდოთ - რაც შეეხება მასთან კომუნიკაციას, პერიოდულად მაქვს, მეგობრობა პოლიტიკასთან დაკავშირებული არ არის

2026-10-17 16:24:28+04:00

ამ შეკითხვას [არის თუ არა სამართლებრივი პროცესი მოსალოდნელი მამუკა მდინარაძესთან მიმართებით] არავითარი საფუძველი არ აქვს - თუ გეუბნებით, რომ საფუძველი არ აქვს, შესაბამისად, ჩემი მოლოდინია, რომ არ უნდა ველოდოთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სუს-ის ყოფილ უფროს, მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომების დასრულების შემდგომ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს ისაუბრეს გუნდში ყველა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის მამუკა მდინარაძის შესახებ.

„მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან არის გასული. კითხვები ისმება ხოლმე ამ თემასთან დაკავშირებით. მე მგონი, არასწორია ამ საკითხის ზედმეტად წინ წამოწევა, როდესაც ადამიანი პოლიტიკიდან გასული. მე ვერ ვხედავ ამისთვის საფუძველს.

რა თქმა უნდა ამ საკითხზეც [მამუკა მდინარაძის საკითხთან მიმართებით] იყო საუბარი. გუნდში, რა პროცესებიც წარიმართა ყველა თემასთან დაკავშირებით იყო საუბარი. თუმცა, ვიმეორებ, რომ საჯაროდ, ამ თემაზე საუბარი, როდესაც ადამიანი პოლიტიკად გასულია, მე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად.

თავისთავად შეეხო იმ ფაქტს, რომ ადამიანი, რომელიც იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობას, გავიდა პოლიტიკიდან და ამასთან დაკავშირებით გაკეთდა ძალიან ზოგადი კომენტარი.

[მამუკა მდინარაძესთან კომუნიკაცია] პერიოდულად მაქვს ხოლმე. კიდევე ერთხელ გავიმეორებ - მეგობრობა, სხვა თემები, ეს არ არის პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხი“, - აღნიშნა კობახიძემ.

კითხვაზე დღესაც არიან თუ არა ის და მდინარაძე მეგობრები, კობახიძემ ასე უპასუხა: „ეს არ არის თქვენთვის საინტერესო. პოლიტიკასთან დაკავშირებით შეიძლება დასვათ შეკითხვები. მე შეგნებულად არ გპასუხობთ, უბრალოდ. მნიშვნელობა არ აქვს, პასუხი რა იქნება. თუ პოლიტიკასთან დაკავშირებით გაქვთ შეკითხვები, რა თქმა უნდა, ეს კითხვები შეგიძლიათ დასვათ, მაგრამ პოლიტიკასთან დაკავშირებითაც ასეთ შეკითხვებს არ დავსვამდი იმიტომ, რომ ადამიანი გასულია პოლიტიკიდან და შესაბამისად, საერთოდ არ მიმაჩნია მიზანშეწონილად საჯაროდ ამ თემაზე საუბარი, აქტუალური აღარ არის“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი განმარტებით, არის თუ არა ის მამუკა მდინარაძის მეგობარი, ეს არ არის შეკითხვა, რომელიც უმრავლესობის და პოლიტსაბჭოს სხდომების დასრულების შემდგომ უნდა დაისვას.

„მეგობრობაზე კითხვას რატომ სვამთ? მეგობრობა არ არის თქვენი საქმე. შეგნებულად არ გპასუხობთ იმიტომ, რომ ეს არ არის რელევანტური კითხვა,რომელიც უნდა დაისვას პოლიტსაბჭოს შეხვედრის და უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ.“მეგობრობის დღიური“ შევავსოთ მერე, როდესაც პოლიტსაბჭოს შეხვედრა არ გვექნება“- აღნიშნა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ ასევე უპასუხა შეკითხვას, რომლის მიხედვით, „ქართული ოცნების“ წევრი დიტო სამხარაძის პოსტში იკითხებოდა მამუკა მდინარაძის გვარი“ და შესაბამისად, არის თუ არა სამართლებრივი პროცესი მოსალოდნელი მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებით, კობახიძე მიიჩნევს, რომ ამ შეკითხვას არავითარი საფუძველი არ აქვს.

„ვინ რა ამოიკითხა, არ ვიცი. რაც შეეხება თქვენ მინიშნებას, ამას არავითარი საფუძველი არ აქვს, შემიძლია გითხრათ. კიდევ ერთხელ, გიმეორებთ, რომ ამ შეკითხვას არავითარი საფუძველი არ აქვს. მე მგონი, ცხადია, რასაც ვამბობ. თუ გეუბნებით, რომ საფუძველი არ აქვს, შესაბამისად, ჩემი მოლოდინია, რომ არ უნდა ველოდოთ“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.