„ლელო - ძლიერი საქართველო“ სახალხო დამცველს მიმართავს, რათა გამოიყენოს კონსტიტუციითა და კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობის სარჩელზე საკუთარი სამართლებრივი პოზიცია წარმოადგინოს.
როგორც „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თუ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს, რუსეთის „არგაღიზიანების პოლიტიკა“ შესაძლოა, ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ფაქტობრივ სავალდებულო წესად იქცეს.
„ივანიშვილის ანტიქართული „ოცნება“ ქართველი ხალხისთვის პოლიტიკური არჩევანის წართმევას და მილიონი მოქალაქის პოლიტიკური ნების გაუქმებას ცდილობს. პარტიების აკრძალვის ინიციატივა მხოლოდ ოპოზიციური პოლიტიკური ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული ბრძოლა არ არის, ეს არის თავდასხმა მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებზე, დემოკრატიულ არჩევანსა და საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგზე.
მივმართავთ საქართველოს სახალხო დამცველს, არ დარჩეს ამ პროცესის მიღმა, გამოიყენოს კონსტიტუციითა და კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და წარმოადგინოს სამართლებრივი პოზიცია. როდესაც ხელისუფლება მოქალაქეებს პოლიტიკური არჩევანის უფლებას ართმევს, სახალხო დამცველმა უნდა დაიცვას ადამიანის უფლებები და თითოეული მოქალაქის თავისუფლება, უნდა დაიცვას ხალხი.
იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში მოშლილია ინსტიტუციური დაცვის მექანიზმები, თითოეული სამართლებრივი და საერთაშორისო ბერკეტის გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ პროცესში მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველამ, ვისაც გაცნობიერებული აქვს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების და დემოკრატიის ბედი საფრთხეშია. ველით, რომ საქართველოს სახალხო დამცველი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჩაერთვება ამ პროცესში და წარმოადგენს სამართლებრივ დასკვნას, რომელიც შეაფასებს მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებების შეზღუდვის კონსტიტუციურობასა და შესაძლო შედეგებს.
თუმცა პარტიების აკრძალვის პროცესი გაცილებით მეტ საფრთხეს შეიცავს, ვიდრე ოპოზიციური ორგანიზაციების და მათი წარმომადგენლების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვაა. სარჩელში მმართველი პარტიის საგარეო პოლიტიკის კრიტიკა „სახელმწიფო საბოტაჟად“ არის წარმოჩენილი. ეს ქმნის სახიფათო პრეცედენტს, როდესაც ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური კურსის წინააღმდეგობა შეიძლება კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ ქმედებად გამოცხადდეს. თუ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს, რუსეთის „არგაღიზიანების პოლიტიკა“ შესაძლოა ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ფაქტობრივ სავალდებულო წესად იქცეს.
კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრული ევროატლანტიკური კურსი საქართველოს სტრატეგიული არჩევანია, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების, თავისუფლებისა და მშვიდობიანი მომავლის პერსპექტივას უკავშირდება. ეს არჩევანი კი რუსეთის იმპერიულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. თუ საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა შეფასდება იმის მიხედვით „გააღიზიანებს“ თუ არა რუსეთს, 78-ე მუხლი მხოლოდ ქაღალდზე დარჩება, ხოლო ქვეყნის პოლიტიკაზე რეალური ვეტო მოსკოვში, კრემლში გადავა. ეს იქნება არა მხოლოდ კონსტიტუციური პრინციპების უგულებელყოფა, არამედ საქართველოს სუვერენული უფლების ოკუპანტი სახელმწიფოს ინტერესებს დაქვემდებარება“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.