იმედია, ირაკლი ღარიბაშვილი პროცესებზე გამოცხადდება და იმედია, არ დახურავენ სასამართლო სხდომებს. თუკი, ჯუანშერ ბურჭულაძის საქმე იყო საჯარო, მითუმეტეს, რატომ არ უნდა იყოს ღარიბაშვილის საქმე ღია და საჯარო? - ამის შესახებ კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა ლალი აფციაურმა განაცხადა.
როგორც ის ამბობს, დაცვის მხარე საქმის სტრასბურგის სასამართლოში წასაღებად ემზადება.
„საქმის მასალების მიხედვით, დიდი ხანია, ასეთი საქმე არ მინახავს. ღარიბაშვილის ბრალდებას ორი ჩვენება ეხება - ბურჭულაძის და მხეიძის ჩვენება. ბურჭულაძის ჩვენება ყოველგვარი კონკრეტიკისგან დაცლილია, შეიძლება ადამიანს არ ახსოვდეს, სად, როდის, რა ვითარებაში გადასცა თანხა? მსგავსს ვერაფერს ნახავთ. მხოლოდ იმას ამბობს, გადავეციო, მაგრამ რა ვითარებაში, არაფერია ნათქვამი. სამართლიანი სასამართლოს პირობებში დღესვე უნდა შეწყვეტილიყო ეს საქმე. აქ ყველაფერი ითქვა, უკვე უსამართლოა სასამართლო ამ კონკრეტულ შემთხვევაში.
იმედია, პროცესებზე გამოცხადდება და იმედია, არ დახურავენ სასამართლო სხდომებს. თუკი, ბურჭულაძის საქმე იყო საჯარო, მითუმეტეს, რატომ არ უნდა იყოს ღარიბაშვილის საქმე ღია და საჯარო? ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს, ვისაც დასამალი აქვს, ის ცდილობს დახუროს საქმე. სამწუხარო პრაქტიკა დანერგეს, ხალხს ხომ უნდა აჩვენოთ, როცა უმაღლესი თანამდებობის ყოფილ პირს უმძიმეს საქმეში ბრალს სდებთ, ამ ადამიანმა სინამდვილეში ჩაიდინა თუ არა დანაშაული? ირაკლი ღარიბაშვილი დიდი სიყვარულით სარგებლობდა საზოგადოების დიდ ნაწილში",- განაცხადა აფციაურმა.
რაც შეეხება წერილს, სადაც ღარიბაშვილი მამუკა მდინარაძეზე საუბრობს, აფციაური აცხადებს, რომ „მდინარაძე აუცილებლად უნდა გამოეკითხათ და გამოძიებაც დაეწყოთ“.
„დავუშვათ, ღარიბაშვილმა უარი თქვა გამოკითხვაზე, მდინარაძე გამოკითხეს? მივიდნენ და მდინარაძემაც უარი თქვა გამოკითხვაზე?“ - განაცხადა აფციაურმა.
ცნობისთვის, ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ნათესავმა, მსჯავრდებულმა ვასილ მხეიძემ მისცეს. მათი ჩვენების შესაბამისად, შესყიდვების, შესაბამისი გარანტიებისა და მფარველობის სანაცვლოდ, ირაკლი ღარიბაშვილს ჯუანშერ ბურჭულაძემ ქრთამის სახით მიღებული 1 500 000 ლარიდან 750 000 ლარი ირაკლი ღარიბაშვილს ხელზე გადასცა, 750 000 ლარი კი თავად დაიტოვა,
ზემოხსენებული ქმედების შედეგად, სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით - 6 985 255 ლარის ქონებრივი ზიანი და არსებითად დაირღვა საჯარო ინტერესი.
ცნობისთვის, პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ირაკლი ღარიბაშვილი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრა.