თეირანი და მოსკოვი ჩვენს ისტორიაში არასდროს თანამშრომლობდნენ ისე მჭიდროდ, როგორც ახლა, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საკითხთა ფართო სპექტრი ევროპიდან დაწყებული დასავლეთ აზიით დამთავრებული, მათ შორის ლიბანის, პალესტინის, უკრაინისა და იემენის თემები.
“ასევე, ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური და ბირთვული თანამშრომლობის გაფართოებაზე. ჩვენს ისტორიაში ირანი და რუსეთი არასდროს თანამშრომლობდნენ ისე მჭიდროდ, როგორც ახლა”, - განაცხადა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ცნობისთვის, სერგეი ლავროვი თეირანში სამუშაო ვიზიტით 19 ოქტომბერს ჩავიდა. გუშინ ის ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანს შეხვდა.