„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ის პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო სარჩელის განხილვას დაესწრება.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
„შეხვედრაზე იყვნენ ჩვენი მეგობარი ქვეყნების ელჩები. მთავარი თემა არის ის, როგორ ავაცილოთ ჩვენს სახელმწიფოს ის შესაძლო გამოუსწორებელი ზიანი, რასაც უქადის მას „ქართული ოცნების“ მიერ წამოწყებული ავანტიურა. ეს არის მთავარი ამოცანა, რომ დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ხალხი შესაძლო უმძიმესი შედეგებისგან, რომელიც შეიძლება მოუტანოს ამ ავანტიურამ. ეს არის ძირითადი განხილვის საგანი.
ვიმეორებ, ჩვენი ამოცანაა ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი ხალხი ყველამ ერთად დავიცვათ იმ შესაძლო უმძიმესი ზიანისგან, რომელიც შეიძლება მიადგეს ჩვენს ქვეყანასა და ხალხს „ქართული ოცნების“ მიერ წამოწყებული ავანტიურის შედეგად.
რაც შეეხება სასამართლო განხილვას, მე ვაპირებ რომ დავესწრო“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის 88 წევრის კონსტიტუციური სარჩელის განხილვა, რომელიც პოლიტიკური პარტიების „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხს ეხება, 21 ოქტომბრიდან დაიწყება. „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში, მმართველი პარტიის წევრები: არჩილ გორდულაძე, გიორგი კახიანი, თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი წარადგენენ.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილის ლიდერები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს შეხვდნენ. შეხვედრაში მონაწილეობენ დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩები.