ადვოკატი - დავით ფეიქრიშვილს ჩამტვრეული აქვს ოთხი ნეკნი, თავის ქალა, სახის ძვლები, წუხელ გადაიყვანეს „ვივამედში“ - მისი გადმოცემით, ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, მათ შორის, ვატო ყიფიანმა და ავთანდილ ბილანიშვილმა - Palitra News

ადვოკატი - დავით ფეიქრიშვილს ჩამტვრეული აქვს ოთხი ნეკნი, თავის ქალა, სახის ძვლები, წუხელ გადაიყვანეს „ვივამედში“ - მისი გადმოცემით, ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, მათ შორის, ვატო ყიფიანმა და ავთანდილ ბილანიშვილმა

2026-10-20 15:46:28+04:00

დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სავალალო - ჩამტვრეული აქვს ოთხი ნეკნი, თავის ქალა, სახის ძვლები და სისხლნაჟღენთები აქვს. მისი გადმოცემით, ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს ვატო ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა (იგივე „კაწრო“), შოთა ყიფიანმა, კაჭარავამ და გოცირიძემ. [ძმას] გოგა ფეიქრიშვილსაც აქვს დაზიანება, გუშინ ვენები გადაიჭრა, - ამის შესახებ ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილის ადვოკატმა, პაატა გოგიაშვილმა „ფორმულასთან“ განაცხადა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, დავით ფეიქრიშვილს ფიზიკური დაზიანებები მას შემდეგ მიადგა, რაც საკანში აღნიშნული პირები შეუსახლეს.

„მისი გადმოცემით, ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს ვატო ყიფიანმა, ბილანიშვილმა, შოთა ყიფიანმა, კაჭარავამ და გოცირიძემ. აღნიშნული პიროვნებები 16 ოქტომბერს შეუსახლეს მას საკანში და ამის მერე მოხდა, რაც მოხდა. 16 ოქტომბრის შემდეგ მასზე ხორციელდება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა. ისეთ უკიდურეს მდგომარეობაშია, რომ მიიყენა ფიზიკური დაზიანებები.

აღნიშნულ პატიმრები, ვინც მასთან არიან საკანში შესახლებული, სარგებლობენ მობილურ ტელეფონით, პირდაპირ კავშირზე არიან დეპარტამენტის დირექტორთან. დარეკვის შემდეგ მას მოიხსენიებენ, როგორც „ზაუტა“. ორივე ძმის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მთლიან პასუხისმგებლობას ვაკისრებ პენიტენციურ დაწესებულებას, პენიტენციური დაწესებულების გენერალურ დირექტორს პატარიძეს, მე-8 საპყრობილის დირექტორს, მის მოადგილეებს, უსაფრთხოების უფროსს და რეჟიმის უფროსს“, - აცხადებს პაატა გოგიაშვილი.

ადვოკატი მოუწოდებს გენერალურ პროკურატურას, აღნიშნულ ფაქტზე მყისიერი რეაგირება მოახდინოს, ვინაიდან საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს. ადვოკატის განმარტებით, არ არის დაპირისპირების მიზეზი არ იცის. როგორც მან აღნიშნა, დაპირისპირების მიზეზი არ იცის.

„დაპირისპირების მიზეზი არ ვიცი, მაგრამ ფაქტია ის, რომ აღნიშნული სამი პიროვნება იმის იმის გამოა დაჭერილი, რომ ძმები ფეიქრიშვილებისგან მიიღონ კონკრეტული ინფორმაციები. ითხოვენ მობილურ ტელეფონზე დაყენებულ კოდს. ასევე, გოგა ფეიქრიშვილსაც აქვს დაზიანება, გუშინ ვენები გადაიჭრა, რადგან ძმის სიცოცხლე გადაერჩინა და არ გაგრძელებულიყო ეს ფიზიკური ზეწოლა. ძალიან ცუდი მდგომარეობაა. მოთხოვნაა, რომ აღნიშნული პატიმრები დააცალკეონ, რადგანაც დაპირისპირებულები არიან. ციხის თანამშრომლებმა ეს ყველაფერი მშვენივრად იციან.

ადამიანს ოთხი ნეკნი მომტვრეული აქვს, თავის ქალა, სახის ძვრები ჩამტვრეული და სისხლნაჟღენთები აქვს და გამოძიება არ არის დაწყებული. ის „ვივამედში“ მას მერე გაიყვანეს, რაც აღნიშნულ ფაქტზე დედამ გააკეთა კომენტარი. წუხელ 22:00 საათზე სახალხო დამცველის წარმომადგენელი იყო შესული მე-8 დაწესებულებაში და პატიმარი აჩვენეს შუქ ჩამქრალ საკანში. ამიტომ, არ შეამჩნია თუ ვერ შეამჩნია დაზიანებები [ვერ გეტყვით]. თვითონ დავით ფეიქრიშვილი დაზიანებებზე სახალხო დამცველის წარმომადგენელს ვერ ეტყოდა, იმიტომ, რომ ორი კაცი იჯდა მასთან ერთად საკანში. ტყვე არის“, - განაცხადა პაატა გოგიაშვილმა.