საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვის „რაიმე ახალი ეტაპი არ იწყება“. კერძოდ, ამით კობახიძემ უპასუხა კითხვას, რას უკავშირდება რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილის დანიშვნა და ხომ არ იწყება რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვის ახალი ეტაპი.
პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ საქართველოს აქვს კონკრეტული ამოცანები და ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობაა საჭირო.
„არა, რეალურად, რაიმე ახალი ეტაპი არ იწყება. აქამდე შვეიცარიის საელჩოში ჩვენი სექცია აქტიურად მუშაობდა. ჩვენ დავინახეთ იმის საჭიროება, რომ სექციის მუშაობის პარალელურად, ამ თანამდებობაზე დაგვენიშნა პირი. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ამოცანები - კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, ჰუმანიტარული ურთიერთობების შენარჩუნება და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება. სამივე მიმართულებით არის აქტიურად სამუშაო. ჟენევის ფორმატი არსებობს და გრძელდება მუშაობა, სექცია მუშაობს, თუმცა ამასთან ერთად, ჩვენ დავინახეთ სპეცწარმომადგენლის ხელახლა დანიშვნის საჭიროება,“ - განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, ცალკეული ქართული კომპანიების ნაწარმთან დაკავშირებული ემბარგოს გამო ხომ არ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, პრემიერი პასუხობს, რომ „არა“.
„არა. რა თქმა უნდა, ზოგადად, ამ საკითხებზე მუშაობა არის პრიორიტეტული, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ გამხდარა ამ გადაწყვეტილების საფუძველი. ჩვენ ზოგადად დავინახეთ სპეცწარმომადგენლის დანიშვნის საჭიროება,“ - აღნიშნა პრემიერმა.
რაც შეეხება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხს - კითხვაზე, ხომ არ აპირებს ოფიციალური თბილისი საკუთარი პოზიციის გადახედვას, ირაკლი კობახიძემ ასე უპასუხა:
„დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აქვს თავისი ბარიერი. ეს მოცემულობა არ შეცვლილა, შესაბამისად, არც ჩვენი დამოკიდებულება არის შეცვლილი,“ - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა.