[საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, მოსამართლე რევაზ ნადარაია] ორჯერ იყო დაბარებული პროკურატურაში 2013 წელს და მაღალი ალბათობით მასზე კომპრომატად თაროზე აქვთ საქმე შემონახული - წარმოუდგენელია რომ ამ კაცმა აგვკრძალოს. უმალ მანტიას შემოიხევს , - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილების“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურა-გირჩი ჯაფარიძე წერს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ერთ-ერთ საქმეზე მიუთითებს, რომელიც მისი მოსაზრებით, მოსამართლის მიმართ სავარაუდოდ „კომპრომატად თაროზე არის შემონახული“.
„მაინც ყველა ამ თემაზე წერთ და ბარემ, იცოდეთ ესეც (ვინც არ იცით).
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, რომელსაც დღეს მთელი დღეა უსმენთ, არის რევაზ ნადარაია.
2009 წლის ოქტომბერში რევაზ ნადარაიამ განიხილა საქმე, რომელზეც ვრცელდებოდა ამნისტია. ამნისტიის თანახმად, ბრალდებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან უნდა გათავისუფლებულიყო. მიუხედავად ამისა, ნადარაიამ ბრალდებული გაასამართლა. მოგვიანებით სააპელაციო სასამართლომ შეცვალა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და პირი პატიმრობიდან გათავისუფლდა.
ამის გამო ის ორჯერ იყო დაბარებული პროკურატურაში 2013 წელს და მაღალი ალბათობით მასზე კომპრომატად თაროზე აქვთ ეს საქმე შემონახული.
რევაზ ნადარაია 2025 წლის 3 აპრილს დაინიშნა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, ხოლო 16 აპრილს არჩეულ იქნა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ.
რევაზ ნადარაიას ქვისლი, ბადრი შონია, არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეული მოსამართლე.
ხოლო მურუსიძეზე რევაზ ნადარაიას აზრი არის შემდეგი (ციტატაა):
„ვამაყობ, რომ ლევან მურუსიძესთან მაქვს ურთიერთობა - ყველა თავდასხმას პირველი ლევან მურუსიძე იღებდა და ამ გარემოებებმა აქცია ლიდერად“.
მოკლედ, წარმოუდგენელია, რომ ამ კაცმა აგვკრძალოს. უმალ, მანტიას შემოიხევს“- წერს ზურა ჯაფარიძე „ფეისბუქზე“.