თენგიზ შარმანაშვილი - საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა სამართლებრივისკენ იწყებს გადახრას, უფრო ოპტიმისტურად განვეწყვე - ოპოზიცია იმავე რეჟიმში რჩება, რომ ყველაფერი უკანონოა, აბა, სხვას რას იტყვის? - Palitra News

თენგიზ შარმანაშვილი - საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა სამართლებრივისკენ იწყებს გადახრას, უფრო ოპტიმისტურად განვეწყვე - ოპოზიცია იმავე რეჟიმში რჩება, რომ ყველაფერი უკანონოა, აბა, სხვას რას იტყვის?

2026-10-21 20:20:14+04:00

ოპოზიცია იმავე რეჟიმში რჩება, რომ ეს ყველაფერი უკანონოა, აბა სხვას რას იტყვის - , - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა მიმდინარეობდა.

შარმანაშვილის თქმით, განხილვამ სამართლებრივი ხასიათი მიიღო, რამაც ის ოპტიმისტურად განაწყო.

შარმანაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ხვალ კვლავ შუამდგომლობებს მოისმენს.

“შუამდგომლობების განხილვის ეტაპი არ დასრულებულა, ეს სასამართლოს თავმჯდომარემაც ნათლად განმარტა, ასე რომ ხვალ გავაგრძელებთ ისევ შუამდგომლობების მოსმენას და სასამართლო ყველა შუამდგომლობაზე მიიღებს გადაწყვეტილებას.

გულწრფელად გეტყვით, ვინაიდან, ეს განხილვა უფრო სამართლებრივისკენ იწყებს ნელ-ნელა გადახრას, უფრო ოპტიმისტურად განვეწყვე, რომ ეს პროცესი შეიძლება სამართლებრივადვე გაგრძელდეს, ეს ძალიან კარგია სამართლებრივი კულტურის ჩამოსაყალიბებლად.

კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით იმ ფორმით, რა ფორმითაც ისინი [ოპოზიცია] ითხოვდნენ დასკვნის გადახედვას, დადგენილებასთან დაკავშირებით ნამსჯელი იყო და ამიტომ ხელმეორედ განხილვის საგანი ვერ იქნება. რაც შეეხება სხვა შუამდგომლობებს, მოისმინეთ თქვენ სასამართლოს განმარტებები, თუ რატომ არ გაიზიარა ყოველი კონკრეტული შუამდგომლობა. მე სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებას არ დავიწყებ შეგნებულად იმიტომ, რომ ვალდებული ვარ, მისი შეხედულება გავიზიარო. ჩვენი მოსაზრებები დავაფიქსირეთ, მაგრამ მათი [მოსამართლეების] განმარტებები მხოლოდ ჩვენს მოსაზრებებს არ ეფუძნებოდა.

ოპოზიცია იმავე რეჟიმში რჩება, რომ ეს ყველაფერი უკანონოა, აბა, სხვას რას იტყვის, ახლა”, - განაცხადა შარმანაშვილმა.