ძალიან გთხოვთ, იქნებ უფრო დაზუსტებით წარმოგვიდგინოთ, რომელი პოლიტიკური პარტიის მიმართ რა სამდურავი გაგაჩნიათ - აი, ეს ჩვენთვისაც გაუგებარია და ამაში სიცხადეს თუ არ შეიტანთ, ძალიან გაჭირდება პროცესის ჩატარება , - ამ სიტყვებით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, ევა გოცირიძემ მოსარჩელე მხარეს “ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს.
გოცირიძის განცხადებით, დაზუსტებით უნდა იქნას წარმოდგენილი, სარჩელში არსებული მტკიცებულებები და ფაქტები კონკრეტულად რომელ ოპოზიციურ პარტიას შეესაბამება.
„მე მინდა, მოსარჩელეს ვთხოვო, როცა იქნება თქვენი განმარტებები წარმოდგენილი, ძალიან გთხოვთ, აქ ყველა მხარემ აღნიშნა, იქნებ უფრო დაზუსტებით წარმოგვიდგინოთ, რომელი პოლიტიკური პარტიის მიმართ რა სამდურავი გაგაჩნიათ და თქვენი აზრით, რომელი ფაქტები უნდა მიეწეროს შესაბამის პოლიტიკურ პარტიას. მაგალითად არის 2003-2012 წლის ფაქტები, ეს ფაქტები უნდა შეერაცხოს დანარჩენ ოთხ პარტიას? ან ოთხი დანარჩენი პარტიის ფაქტები ერთმანეთს უნდა შეერაცხოს? აი, ეს ჩვენთვისაც გაუგებარია და ამაში სიცხადეს თუ არ შეიტანთ, ძალიან გაჭირდება პროცესის ჩატარება“, - განაცხადა ევა გოცირიძემ.
ევა გოცირიძემ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც „ძლიერი საქართველო - ლელოს“ წარმომადგენელმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა, რომ „ვერ გავიგეთ, ეს ვითომ მტკიცებულებები, ვის რა მიემართება“.
სიორიძის თქმით, გაუგებარია თუნდაც ის, მიემართება თუ არა 2003-2012 წლებში მომხდარი ფაქტები „ლელოს“ მაშინ, როცა პარტია „ლელო“ 2019 წელს დაარსდა.
ამასთან, “ძლიერი საქართველოს” წარმომადგენელმა თორნიკე ართქმელიძემ განაცხადა, რომ „ვერ ვიგებთ, რაზე გვედავება მოსარჩელე“.
„პრობლემურია ის, რომ იდენტიფიცირება მოხდეს, რაღაც გარემოება, რასაც სარჩელში უთითებს მოსარჩელე, ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, შიდა სასამართლოს თუ საერთაშორისო სასამართლოსი, რომელმა მოპასუხემ უნდა უპასუხოს ამ საკითხზე, არ არის ეს ნათლად სარჩელში მოცემული. ეს სერიოზული პრობლემაა“, - განაცხადა გიორგი ართქმელაძემ.