ზღვარი, რომელიც დემოკრატიის დაცვასა და ძალაუფლების დაცვას შორის უნდა გადიოდეს, ამ სარჩელმა სრულად წაშალა, - ასე ეხმაურება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, თამარ ონიანი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს, სადაც მოსამართლეთა პლენუმი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ “ქართული ოცნების” სარჩელს განიხილავს.
როგორც ონიანი სოციალურ ქსელში წერს, სარჩელი გზას ხსნის ნებისმიერი პოლიტიკური ძალის აკრძალვისთვის, რომელსაც მოქალაქეებმა ოპოზიციაში ყოფნის მანდატი მიანიჭეს ან მომავალში მიანიჭებენ.
ონიანის შეფასებით, სარჩელის მთავარი არსი მმართველი ძალის სახელმწიფოსთან გაიგივება და მისი ხელისუფლებაში დარჩენის კონსტიტუციური წესრიგის დაცვად წარმოჩენა არის.
“რამდენიმე საათის განმავლობაში ვუსმენდით საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს, სადაც სპეციალური სამართლებრივი ცოდნის გარეშეც მკაფიოდ ჩანს, რომ დემოკრატიის დაცვის სახელით ცდილობენ, შეზღუდონ ის, რის გარეშეც დემოკრატია ვერ იარსებებს - რეალური ოპოზიცია და მოქალაქეთა თავისუფალი პოლიტიკური არჩევანი.
ეს სარჩელი, თავისი არსით, არა სამართლებრივი დასაბუთება, არამედ პოლიტიკური განაცხადია. მის ავტორებს არ სურთ კონკურენცია არც დღეს არსებული ოპოზიციური პარტიებისგან და არც მათგან, ვინც მომავალში ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე არსებით გავლენას მოიპოვებს.
ამ ეტაპზე სამიზნე ხუთი მთავარი ოპოზიციური პარტიაა, რომელთაგან ოთხმა წინა საპარლამენტო არჩევნებზე ჯამში 784 830 მოქალაქის ხმა მიიღო. თუმცა სარჩელის ლოგიკა ამ ხუთი პარტიით არ შემოიფარგლება. სარჩელის მე-11-12 გვერდებზე განვითარებული მსჯელობა სწორედ ამ განზრახვას აჩვენებს, რომ, როგორც კი სხვა პარტიები პოლიტიკაზე არსებით გავლენას მოიპოვებენ და საარჩევნო ბარიერის გადალახვის რეალური პერსპექტივა გაუჩნდებათ, აკრძალვის სამიზნე ისინიც გახდებიან.
ამრიგად, სარჩელი გზას ხსნის ნებისმიერი პოლიტიკური ძალის აკრძალვისთვის, რომელსაც მოქალაქეებმა ოპოზიციაში ყოფნის მანდატი მიანიჭეს ან მომავალში მიანიჭებენ.
სარჩელის ცენტრალური ლოგიკაა მმართველი ძალის სახელმწიფოსთან გაიგივება და მისი ხელისუფლებაში დარჩენის კონსტიტუციური წესრიგის დაცვად წარმოჩენა.
ამ ლოგიკით,
ოპოზიციური პროტესტი კონსტიტუციური წყობილების დამხობად ცხადდება;
პარტიებს შორის კანონიერი თანამშრომლობა კოლექტიური პასუხისმგებლობის საფუძვლად იქცევა;
ცალკეული პირების წარსული ქმედებები სხვადასხვა პარტიის დღევანდელი აკრძალვის გასამართლებლად გამოიყენება.
ეს პროცესი არ არის და ვერც იქნება იზოლირებული ადამიანის უფლებათა იმ ფუნდამენტური კრიზისისგან, რომლის პირობებშიც თავისუფალი აზრი და ამ აზრის დაცვა (მედია, უფლებადამცველები) დევნის სამიზნედ იქცა, ხოლო დევნა როგორც ინსტიტუციური, ისე ინდივიდებზე მიმართული მექანიზმებით ხორციელდება.
ოპოზიციაზე ზეწოლაც მხოლოდ პარტიების აკრძალვის მოთხოვნით არ შემოიფარგლება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მათ წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებში მსჯავრდადების საფრთხის წინაშეც დგანან.
აკრძალვის შემთხვევაში, ევროპული სასამართლოს შეფასების ცენტრალური საკითხიც სწორედ ის იქნება, ემსახურებოდა ჩარევა დემოკრატიული წესრიგის დაცვას თუ პოლიტიკური კონკურენციის ჩახშობას? მოთხოვნილი აკრძალვის დასაბუთება საწყის ეტაპზეც ვერ უძლებს იმ მკაცრ შემოწმებას, რომელსაც ევროპული სასამართლო პოლიტიკური პარტიების აკრძალვისას მოითხოვს. ეს იქნება არა რიგითი დარღვევა, არამედ საქართველოს კიდევ უფრო და დისტანციური გაუცხოება ევროპული ღირებულებითი წესრიგისაგან.
ამ პროცესში საფრთხე ექმნება არა მხოლოდ ხუთ პარტიას, არამედ მოქალაქეთა შესაძლებლობას, აირჩიონ სასურველი ხელისუფალი. სწორედ ამიტომ, ქართული დემოკრატიისთვის მიყენებული ზიანი შეიძლება შეუქცევადი აღმოჩნდეს”, - წერს თამარ ონიანი.