„დასანქცირდებიან კომპანიები - არაერთი ხარვეზი და დარღვევა იქნა აღმოჩენილი“ - სემეკი ელექტროენერგიის მასშტაბურ გათიშვებზე კომპანიების დაჯარიმებას გეგმავს. მას შემდეგ, რაც სემეკ-მა საქართველოში ზაფხულის პერიოდში, საქართველოში სამგზის შათდაუნის მიზეზები შეისწავლა და შესაბამისი დასკვნა მოამზადა, კომპანიებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციების დაკისრების საკითხს განიხილავს, რადგან არაერთი დარღვევა იქნა აღმოჩენილი. მართალია, დასკვნის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება ორი კვირის ვადაში დასრულდება. თუმცა, უკვე ცნობილია, რომ კანონით გათვალისწინებული ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა მხოლოდ 75 ათასი ლარი იქნება. მოგეხსენებათ, რომ მარეგულირებელი კომისიის გარდა, საკითხის შესწავლა სუს-მაც დაიწყო, თუმცა გამოძიების შედეგები ფართო საზოგადოებსითვის უცნობია. სემეკი ამბობს, რომ კოორდინაციაშია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და ელოდება, გამოძიების ფარგლებში რა შედეგებზე გავლენ ისინი. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ელექტროენერგია მასშტაბურად სამჯერ: 24-25 ივლისსა და 5 აგვისტოს გაითიშა. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ „ენგურჰესმა“ 2026 წლის 24-25 ივლისს შათდაუნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარემოებად საქართველოს ენერგოსისტემის იზოლირებულ რეჟიმში გადასვლა დაასახელა. კომპანიის მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტის თანახმად, ავარიებმა ჰიდროგენერატორების აგზნების სისტემებისა და ძაბვის რეგულატორების პრობლემებიც გამოავლინა. „ენგურჰესი“ ოთხი ჰიდროგენერატორის აგზნების სისტემებისა და ძაბვის რეგულატორების განახლებას გეგმავს. მომსახურების ღირებულება 560 000 ევროა, დღგ-ის გარეშე.