განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული, ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებთან დაკავშირებული დავით ფეიქრიშვილი კლინიკა „ვივამედში“ გამოკითხეს.
პატიმართან იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომელთაც ფეიქრიშვილი ჩვენებას 5 საათის განმავლობაში აძლევდა.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ფეიქრიშვილების ადვოკატი, პაატა გოგიაშვილი განმარტავს, დავით ფეიქრიშვილმა საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს დაუსახელა ყველა ის პირი, რომელიც მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში მონაწილეობდა. მათ შორის, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები, ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და ა.შ.
გოგიაშვილის თქმით, ფეიქრიშვილს გამომძიებლები როგორც ძალადობის განმხორციელებელ პირებთან, ასევე, ციხის ადმინისტრაციასთან დაკავშირებით უსვამდნენ კითხვებს.
„დავით ფეიქრიშვილმა ამომწურავი პასუხები გასცა ყველა იმ კითხვას, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ტელევიზიებისა და პრესის საშუალებით ვრცელდება. კითხვები იყო, როგორც ძალადობის განმხორციელებელი პირების მიმართ, ასევე ციხის ადმინისტრაციის მიმართ. მან მიუთითა ყველაფერი, თავის სახელებით და გვარებით“, - აცხადებს გოგიაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველომ პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
დავით ფეიქრიშვილი ბოლოს, კლინიკა „ვივამედში“ ციხიდან ზემო კიდურების დაზიანებით გადაიყვანეს. იქამდე, ის კლინიკაში 19 ოქტომბერს 21:00 საათზე, მრავლობითი დაზიანებებით იყო შეყვანილი, შემდეგ კი, დაკვირვების მიზნით, ციხის N18 სამკურნალო დაწესებულებაში გაწერეს. უფრო ადრე, პატიმარ ფეიქრიშვილის ადვოკატი აცხადებდა, რომ ბრალდებულს ჩამტვრეული ჰქონდა ოთხი ნეკნი, თავის ქალა, სახის ძვლები. ადვოკატის თქმით, ფეიქრიშვილს ფიზიკური დაზიანებები მათ შორის, ვატო ყიფიანმა და ავთანდილ ბილანიშვილმა, იგივე „კაწრომ“ მიაყენეს.