გია ვოლსკი - ცდილობენ გლობალური დაპირისპირების სამსხვერპლოზე მიიტანონ საქართველო საზარბაზნე ხორცად - საკვირველი ისაა, რომ შეტევის ავანგარდში ევროსტრუქტურების და ზოგიერთი ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები დგანან - გველაპარაკეთ კონკრეტული არგუმენტებით - Palitra News

გია ვოლსკი - ცდილობენ გლობალური დაპირისპირების სამსხვერპლოზე მიიტანონ საქართველო საზარბაზნე ხორცად - საკვირველი ისაა, რომ შეტევის ავანგარდში ევროსტრუქტურების და ზოგიერთი ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები დგანან - გველაპარაკეთ კონკრეტული არგუმენტებით

2026-10-22 17:31:34+04:00

არჩევნების გაყალბების, საგარეო კურსის ცვლილებისა და სექსუალური უმცირესობის ჩაგვრის შესახებ უტიფრად შეთხზული ბრალდებების საფუძველზე, ანალოგიური ვითარების შექმნას ცდილობენ პოლიტიკურ პარტიებად წოდებული ჯგუფები საქართველოში, ეს ფაქტია! ვხედავთ და არც მალავენ. მათ ამ მცდელობებს, სახელმწიფო მართვის სისტემის საბოტაჟს, აგრესიული აქციებისა და რევოლუციების თანხლებით, აქვს ორგანიზებული და სისტემური ხასიათი! - წერს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი, სოციალურ ქსელში.

ვოლსკის თქმით, მოსალოდნელი იყო „თავდასხმებიც“, თუმცა, საკვირველი ისაა, რომ „შეტევის ავანგარდში“ ისეთი ევროპელი ლიდერები დგანან, რომლებიც ფინანსურად და პოლიტიკური მხარდაჭერით ახალისებდნენ “მოლოტოვის კოქტეილების” და პიროტექნიკის სროლას საქართველოში.

როგორც ის აღნიშნავს, საქართველოს წინააღმდეგ „მომართულ ამ შეთქმულებაში" მეთაურებად“ მონაწილეობენ 2012 წლამდე სახელმწიფოს მმართველობის სადავეების მქონე პირები, რომლებმაც უკიდურესი სისასტიკით მართეს ქვეყანა.

"მთელი ევროპა შეძრულია სისხლისმღვრელი, დაუნდობელი ომით, მისი მასშტაბის გაფართოების რეალური საშიშროებით, ისევე როგორც უკიდურესად სახიფათო პროცესებით, რომელიც წამყვან ქვეყნებში მიმდინარეობს.

შემზარავია საერთო სურათი, რასაც ყოველდღიურად ვადევნებთ თვალყურს ტელეეკრანებით თუ სხვა მედიასაშუალებებით.

ასეთ ვითარებაში, არჩევნების გაყალბების, საგარეო კურსის ცვლილებისა და სექსუალური უმცირესობის ჩაგვრის შესახებ უტიფრად შეთხზული ბრალდებების საფუძველზე, ანალოგიური ვითარების შექმნას ცდილობენ პოლიტიკურ პარტიებად წოდებული ჯგუფები საქართველოში, ეს ფაქტია! ვხედავთ და არც მალავენ.

მათ ამ მცდელობებს, სახელმწიფო მართვის სისტემის საბოტაჟს, აგრესიული აქციებისა და რევოლუციების თანხლებით, აქვს ორგანიზებული და სისტემური ხასიათი!

ასეთივე ხასიათისაა შიდა და გარე აქტორების მხრივ კარგად კოორდირებული პროპაგანდა საქართველოში “დემოკრატიისგან უკუსვლის” შესახებ, როდესაც თავად შექმნეს დამნაშავეები და მათ ქმედებაზე კანონიერი რეაგირება ევროპული სტანდარტებისაგან გადაცდომად შეაფასეს; ითხოვენ სანქციების დაწესებას, რაც ქვეყნის საზოგადოებას დააზარალებს და, მათი აზრით, რევოლუციურ მუხტს გაზრდის.

საქართველოს წინააღმდეგ მომართულ ამ შეთქმულებაში მეთაურებად მონაწილეობენ 2012 წლამდე სახელმწიფოს მმართველობის სადაავების მქონე პირები, რომლებმაც უკიდურესი სისასტიკით მართეს ქვეყანა, ფიზიკურად გაანადგურეს, აწამეს და უფლებები აჰყარეს ათასობით საქართველოს მოქალაქეს, წინაპირობები შეუქმნეს ქვეყნის დიდი ნაწილის ოკუპაციას და დღესაც ცდილობენ გლობალური დაპირისპირების სამსხვერპლოზე მიიტანონ საქართველო საზარბაზნე ხორცად, ეკონომიკურად მოშლილი და უფლებააყრილი.

ესაა კონკრეტული ფაქტებით დადასტურებული რეალობა, რის გამოც მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს.

რასაკვირველია მოსალოდნელი იყო თავდასხმებიც, საკვირველი ისაა, რომ შეტევის ავანგარდში ევროსტრუქტურების და ზოგიერთი ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები დგანან, რომლებიც სულ ახლახან, ფინანსურად და პოლიტიკური მხარდაჭერით ახალისებდნენ “მოლოტოვის კოქტეილების” და პიროტექნიკის სროლას საქართველოში, თანაც ახლა მაინც ხომ ნათლად ხედავენ ადრე უხილავ ძაფებს მართულ ქაოსსა და ევროპისათვის მწვავე პრობლემების გაჩენას შორის.

გველაპარაკეთ კონკრეტული არგუმენტებით, თუ რომელი ჩვენი ბრალდებაა უსაფუძვლო, რატომაა საქართველოსათვის სასარგებლო ეკონომიკურ ან მითუმეტეს სამხედრო დაპირისპირებაში შესვლა ან რომელი ევროპული სახელმწიფო დაუშვებს ქვეყნის დესტაბილიზაციისათვის მომართული ორგანიზებული სტრუქტურის საქმიანობასთან შეგუებას," - წერს ვოლსკი.