“ასავალ-დასავალის” დაკავებული ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობდა.
როგორც დაკავებული ჟურნალისტის დამ მედიას განუცხადა, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა მისი სახლიდან ტელეფონი და კომპიუტერი წაიღეს.
დიტო ჩუბინიძის და მისი ძმის დაკავებასა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკას ლაზარე ჯორბენაძესთან ჩაწერილ ინტერვიუს უკავშირებს და აცხადებს, რომ ეს ყველაფერი შურისძიების გამო ხდება.
“არაფერი არ ამოუღიათ, ყველაფერი გადაამოწმეს. წაიღეს მხოლოდ ტელეფონი და კომპიუტერი. სამშობლოს ღალატის მუხლის გამო არიან მოსულები.
ეს ყველაფერი აწ გარდაცვლილი ლაზარე ჯორბენაძესთან ჩაწერილ ინტერვიუს უკავშირდება. ჩემი ძმის გამოსვლები, პუბლიკაციები, საგაზეთო ინტერვიუები ალბათ, ძალიან გაეჩხირა ამ ხელისუფლებას ყელში ეს საქმე და ამით უნდათ ჩემი ძმა გააჩერონ.
მე ამ ყველაფერს აღვიქვამ შურისძიებად იმიტომ, რომ ჩემი ძმა ამ საქმეში არის მარტო ჟურნალისტი, რომელმაც რესპონდენტისგან აიღო ინტერვიუ.
ღარიბაშვილთან არავითარი კავშირი არ აქვს აბსოლუტურად, ნანახი არ ჰყავს. მეც უკვე ეჭვი მიჩნდება, როგორც ჩანს, ისე არ არის, როგორც უნდა იყოს და ამიტომ მოიშორეს. ეს არის ჩემი აზრი.
თუ ეს ასე არ არის, რასაც ლაზარე ჯორბენაძე საუბრობდა, მაშინ გაასაჯაროოს სახელმწიფომ ის დოკუმენტი, რომლითაც მთელ ქართველ ხალხს აჩვენებს, რომ დავით გარეჯი ჩვენია ისევ.
ამ ხელისუფლების მოსვლაში ასე თუ ისე ჩემი ძმაც იღებდა მონაწილეობას იმიტომ, რომ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ანალოგიურ დევნას განიცდიდა, მაგრამ ახლა უნდა ვთქვა ის, რაც არასოდეს არ მითქვამს და თუ ვიტყოდი ამას, არ მეგონა - სააკაშვილის რეჟიმს ის არ უკადრებია, რაც იკადრა დღევანდელმა ხელისუფლებამ”, - განაცხადა დიტო ჩუბინიძის დამ.
ცნობისთვის, დღეს, გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე დააკავა. უწყების განმარტებით, „2026 წლის თებერვლიდან დიტო ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმების გამოყენებით სისტემატურად ახორციელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს".